„თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეთანხმება არ გამოვა“ , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ მმართველი გუნდის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაახმოვანა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების იდეას არ დათანხმდება, მიხვდება, რომ მათთან ერთად ბრძოლა არ ღირს.
„ჩვენ შევიკრიბეთ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, სადაც ბუნებრივი ბარიერი იქნება. თუ ოპოზიცია ამას არ დათანხმდება, ერთიანობის არსს დაკარგავს. მე მივხვდები, რომ მათთან ერთად ბრძოლას აზრი არ აქვს და არც აქამდე ჰქონდა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 0-დან 3%-მდე ბარიერის ყველა ვარიანტს განიხილავს.
მან ოპოზიციურ პარტიებს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.