რიონის ხეობის მცველები 5-6 ივლისს დაკავებული და დაჯარიმებული მოძალადეებისთვის ფულს აგროვებენ. ისინი თავიანთ ფეისბუკგვერდებზე ანგარიშის ნომერს აქვეყნებენ და მოსახლეობას მათი გათავისუფლებისათვის თანხის ჩარიცხვას სთხოვენ.
დღევანდელი მონაცემებით, ჯგუფურ ძალადობაზე მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ 16 წევრია დაკავებული, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას სასტიკად ცემის ბრალდებით.
ამ თემასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას დავუკავშირდით და მათი აზრი მოვისმინეთ. ნაწილმა მათი სახელებისა და გვარების გასაჯაროებაზე უარი თქვეს.
„ჩვენ, ადგილობრივებს ეს ამბავი ნამდვილად არ გაგვკვირვებია, რადგან „რიონის ხეობის მცველები“ შეკრების დღიდანვე გამოირჩეოდნენ აგრესიით. იმის მიუხედავად, რომ ამის დამადასტურებელი უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალა არსებობს, ძალადობის ფაქტები მაინც ხეობაში რჩებოდა და ტელევიზიებში ამაზე არავინ საუბრობდა. მათი ნებისმიერი ქცევა საზოგადოებაში ვრცელდებოდა, როგორც „ეროვნულ“ თუ „პატრიოტულ“ ქმედებად, რასაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა“, - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
მან ჩვენთან საუბრისას „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან არაერთი ძალადობის შემთხვევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საჯაროდ არც ადგილობრივები საუბრობდნენ, ეშინოდათ, რადგან ხშირი იყო მცველების მხრიდან მუქარისა თუ ბულინგის შემთხვევები და ასევე, საზოგადოებაში „რიონის მცველებს“ პატრიოტის სახელი ჰქონდათ, ხოლო ჰესის მომხრეებს - მოღალატის.
„ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მათ აგრესიულ ქმედებებს, იქნებოდა ეს გზების გადაკეტვა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩხრეკვა, ერთხელ სოფელი დერჩის აბრას ტყვიებიც კი ესროლეს, მხოლოდ იმის გამო, რომ დერჩის მცხოვრებლებმა ჰესის აშენებას მხარი დავუჭირეთ“, - იხსენებს სოფელ დერჩში მცხოვრები ადგილობრივი.
მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები გარკვეულწილად დასაბამს სწორედ რიონის ხეობიდან იღებს, რადგან ქვის სროლა და ფიზიკური ძალადობა მათი მხრიდან კომპანიის თანამშრომლებისა და ჰესის მომხრე ადგილობრივებისთვის უცხო არ ყოფილა:
„როცა მეზობლებს, რომლებიც ჰესის მომხრეები იყვნენ, აბულინგებდნენ - ხმა არავინ ამოიღო, როცა ფიზიკურად თუ სიტყვიერად უსწორდებოდნენ ენკაში მომუშავე მეზობლებს - ხმა მაშინაც არავინ ამოიღო, როცა აგინებდნენ ინვესტორს და საზოგადოებაში ქსენოფობიას თესავდნენ - არც მაშინ ამოუღია ხმა ვინმეს... ამიტომ ბოლოს თბილისში ჩამოვიდნენ და გრძელთმიან ახალგაზრდებსა თუ მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს“.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით ადგილობრივ მოსახლეს, სალომე ლიპარიძეს, რომელიც ჰესის მშენებლობას საჯაროდ უჭერს მხარს, რის გამოც ის ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
„ჩემზე როგორც ადგილობრივზე, რომელმაც მათი ტერორის პირობებში გავბედე და პროექტის მხარდამჭერი პოზიცია დავაფიქსირე, ვთქვი სიმართლე ყველაფერ იმაზე, რასაც ისინი მთელი მონდომებით დამახინჯებულად აწვდიდნენ საზოგადოებას, დაიწყო და განხორციელდა დაგეგმილი და მიზანმიმართული ზეწოლა, რათა თვალსაჩინო ყოფილიყო ყველასთვის, რა მოდის ადამიანს, რომელიც იტყვის სიმართლეს და არ დაასხამს წყალს მათ წისქვილზე. საშუალება რომ მისცემოდათ, არც ფიზიკურ ძალადობაზე დაიხევდნენ უკან, რადგან მოწოდებები ამის შესახებ მათი მხრიდან მრავლად ისმოდა. მათი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ძალიან შეფარული, მაგრამ საშიში, არცთუ კეთილშობილური, საეჭვოდ მტრული მესიჯები ისმოდა და ღვივდებოდა სიძულვილის მარცვალი“, - ჰყვება სალომე ლიპარიძე.