მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

ფარული მოსმენა Pia.ge

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ავრცელებენ.

უწყება მოუწოდებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ასევე, პროკურატურა მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან:

„საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ.

ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.