მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კეთილი ინებონ და დასაჯონ, გახარიას აუცილებლად ხელს დაადებენ და ამას ვნახავთ“ - მეუფე იაკობი ჩანაწერებზე

ბოდბელი მიტროპოლიტი

ბოდბის მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერები ეკლესიასა და მთავრობას შორის ურთიერთობას ვერ დააზიანებს, რადგან კრებსები გიორგი გახარიას პრემიერობის დროს არის შექმნილი.

„რატომ უნდა დააზიანოს. ეს გააკეთა იმ კაცმა, რომელიც დიდი ხანი ჰყავდათ და ვერ მოიშორეს. ხან კრიზისმენეჯერი დაარქვეს, მაგრამ კრიზისმეიკერობის მეტი არაფერი უკეთებია. დღესაც კრიზისის შექმნა უნდოდათ, მაგრამ მაინც ვერ შექმნეს. იმიტომ, რომ გონიერი ხალხი ვართ და არ დავუშვებთ გახარიამ ან ნაციონალების რადიკალურმა ნაწილმა ეს შეძლოს.

აქამდე არავის უთქვამს და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და გახარია ერთი თამაშის ნაწილები იყვნენ, ერთად იყვნენ იმაში, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხდებოდა. რისთვის გადადგა? რამე გვაჩვენა, რომ ნაციონალებთან ცუდად არის?“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ჩანაწერების შემქმნელი და გამავრცელებელი უნდა დაისაჯოს.

„სასულიერო პირი დაკავებისკენ არ უნდა მოუწოდებდეს ვინმეს, მაგრამ ხომ იციან ვინც იყო? ხალხი ახლა უყურებს როგორ მოიქცევა ხელისუფლება. ერთ გვარს რომ ასახელებენ, რატომ ერიდებიან გახარიას ხსენებას? კეთილი ინებონ და მოჰკიდონ ხელი და გახარიას აუცილებლად ხელს დაადებენ, ამას ნახავთ ტელევიზიით“, - განაცხადა ბოდბის მიტროპოლიტმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.