მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ

პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება პირველკლასელებს – ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ.

ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიურ მოსაზრებას, რომლის თანახმად, პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია, წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში,“ - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც“, - აცხადებენ სამინისტროში.