მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ომი სულ ცოტა იმით დასრულდეს, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი წინ არ წაწეულა და მას არ აქვს უპირატესობა. 

„კობახიძის განცხადება, რომ უკრაინაში  უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, სამარცხვინო იყო. რუსეთმა ერთი წლის უკან დაიწყო ომი, როცა ყირიმის და დონეცკის ნაწილი მისი კონტროლის ქვეშ იყო, ეს რუსეთს ძალიან მცირე სისხლი დაუჯდა 2014 წელს. 2014 წელს რაც მოხდა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება. 

ახლა ასი ათასი კაცი ჩადო რუსეთმა მიწაში და იმავე შედეგი აქვს რეალურად, როცა მისი გაცხადებული პოზიცია იყო, უნდა მომხდარიყო დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, არ მალავდნენ, რომ უნდა შეეცვალათ ხელისუფლება და მკაფიოდ, ცალსახად ჩანდა, რომ უკრაინა უნდა გამხდარიყო რუსეთის სატელიტი. ყველაფერი უკუღმა წამოუვიდათ. რუსეთის ცხვირწინ ხდება ნატოს წევრი ფინეთი. ეს არის გამაოგნებელი მარცხი რუსეთისა. კობახიძე ხედავს, რომ ქართულ საზოგადოებაში არის განცდა, უკრაინა მართლა იმარჯვებს. 

ზამთარში არ ხდება სერიოზული სტრატეგიული წარმატებები, ხდება პოზიციების გამყარება. რუსეთი გამოფხიზლდა და მიხვდა, უკრაინასთან თამაში არ შეიძლება. ახლა რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინა სერიოზული მოწინააღმდეგეა. უკრაინაში ხალხი იბრძვის. რუსეთმა 100 000 კაცი მიწაში ტყუილად  ჩადო და არსებითი პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს წინ და ამ დროს „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ ამას ქართული საზოგადოება ხედავს. მთელი მსოფლიო უკრაინის მხარესაა, რუსეთის პოტენციური მოკავშირეებიც კი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

კონფლიქტოლოგის განცხადებით, „ოცნებას“ ძალიან სჭირდება, რომ უკრაინამ წარმატებას ვერ მიაღწიოს.

მისი თქმით, უკრაინა ხდება თავისუფალი სამყაროს წევრი, საქართველო კი - რუსეთის. 

„ოცნებას“ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ აზრი არ ჰქონდა უკრაინის მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ომი სულ ცოტა იმით დასრულდეს, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს, თუნდაც უკანონოდ. „ოცნებას“ ძალიან სჭირდება, რომ უკრაინამ ვერ მიაღწიოს წარმატებას. რუსეთს ყირიმი ისედაც ჰქონდა, რუსეთს მეტი უნდოდა. ხელისუფლებას უნდა რუსეთის დამარცხება წარმოაჩინოს, როგორც რუსეთის გამარჯვება და გამარჯვება ვერ იქნება იმიტომ, რომ რუსეთი წინ ვერ წაიწია, რაც ჰქონდა ის აქვს და ხალხი ჩახოცა უბრალოდ. 

უკრაინას ომი დაგეგმილი არ ჰქონდა. ის არ აპირებდა ომით ყირიმისა და დონბასის დაბრუნებას. ეს არჩევანი არ ყოფილა უკრაინის. რუსეთი ვერ აღწევს თავის მიზნებს. მთელი მსოფლიო ზრუნავს იმაზე, რომ რუსეთი არ ჩამოიშალოს, ეს კიდევ დამატებითი პრობლემები იქნება. მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რუსეთმა დაიხიოს, გაიყვანოს ჯარები მთლიანად უკრაინიდან და შემდეგ ხელის შეუწყონ რუსეთის ერთიანობის შენარჩუნებას. არც ჩვენ გვაწყობს დაშლილი რუსეთი იმიტომ, რომ პრობლემები შეგვექმნება. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებენ, რომ ვიღაცას  უნდა ომი საქართველოში, ვის უნდა ომი, თქვან გვარი და სახელი ან პარტია. რა ზღაპრებია, რა გლობალური, რა ომის პარტია. უკრაინას კარგავს რუსეთი, უკრაინა ხდება თავისუფალი სამყაროს წევრი, ჩვენ კი ვხდებით ბაღათურიასთან ერთად რუსეთის წევრი“, - დასძენს კონფლიქტოლოგი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უკრაინაში  უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“ - ირაკლი კობახიძე

👉 ქართული საზოგადოება არის კანიბალური - გუბაზ სანიკიძე

👉 „უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი გაცილებით წინ არის წაწეული“ - მდინარაძე

👉 ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან - დეგნანი ფრენების შესაძლო აღდგენაზე

👉 რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს - ხაბეიშვილი