მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე ოჯახის ექიმებს და კოვიდკლინიკებს ურჩევს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“ პირველივე დღეებში გამოიყენონ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1659553966
COVID-19

„კოვიდი არსად წასულა და სავარაუდოდ დიდი ხანს შენარჩუნდება, როგორც რესპირაციული ინფექცია, ამიტომ მასთან თანაცხოვრება ვისწავლოთ,“ - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ცერცვაძის თქმით, საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე მინიმალურ ნიშნულზე რჩება. 

ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმები და ან კოვიდ კლინიკები სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო, ჩვენებების შემთხვევაშიც კი არ იწყებენ მკურნალობას „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, რაც ასევე სერიოზულად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. 

თენგიზ ცერცვაძე ოჯახის ექიმებს, ყველა კოვიდ კლინიკას მიმართავს და ურჩევს, რომ პირველივე კოვიდ სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი და სათანადო ჩვენებების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“.

„მთელ მსოფლიოში გრძელდება კოვიდის ახალი შემთხვევების (დღეში 1 მილიონამდე) და გარდაცვალების (დღეში 2000-ზე მეტი) შემთხვევების მატება. კოვიდის ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება საქართველოშიც (დღეში 1500-1700 ახალი შემთხვევა), მაგრამ საბედნიეროდ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. კერძოდ, ბოლო 4 თვის და ბოლო 1 თვის მონაცემებით საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორი - COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) პირველად ჩამოსცდა 1%-ს და შეადგინა 0,99%, რაც მსოფლიოს 112 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

ეს ნიშნავს, რომ მთელი პანდემიის, ხაზს ვუსვამ მთელი პანდემიის მანძილზე საქართველოში ყოველი 100 (ასი) COVID ავადმყოფისგან 99-ის გადარჩენა ხერხდებოდა და მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უკეთესია და საშუალოდ ყოველი 1000 (ათასი) ავადმყოფისგან მხოლოდ 1 ან 2 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება. 

მაგრამ COVID არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით კოვიდის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

ამის გარანტია ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის COVID-ზე დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულება და მით უმეტეს არ გარდაცვლილა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაო გასწია, მაგრამ ამის მიუხედავად გხვდება შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა COVID-ის სიმპტომების გაჩენისთანავე არ იტარებს COVID ტესტს, რითაც გვიანდება დიაგნოსტიკა, შესაბამისად ექიმთან კომუნიკაცია და ჩვენებების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს.

ასევე ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმები და ან კოვიდ კლინიკები სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო, ჩვენებების შემთხვევაშიც კი არ იწყებენ მკურნალობას პაქსლოვიდით ან რემდესივირით, რაც ასევე სერიოზულად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. 

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. 

მინდა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კოვიდ კლინიკას და ყველა კოვიდ პაციენტს, პირველივე კოვიდ სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი და სათანადო ჩვენებების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.