მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,4% შეადგინა, რაც პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„შთამბეჭდავია საქართველოს მიერ მიღწეული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. როგორც პრემიერმა განაცხადა პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,4% შეადგინა, რაც პირველ რიგში მთავრობის სწორი მუშაობის და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა, შედეგზეა გათვლილი, შედეგი კი ქვეყნის და ეკონომიკის სტაბილური განვითარებაა:

„მოხდა ეკონომიკის სტიმულირება, გაიზარდა ინფრასტრუქტურაზე მიმართული ხარჯები, სწრაფი ტემპით ხდება ტურიზმის აღდგენა, იხსნება კოვიდ რეგულაციები და ა.შ. ბიზნესს გაუჩნდა პოზიტიური მოლოდინები, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა. ჩვეულებრივ სიტუაციაში, შესაძლოა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რიგითი მოვლენა ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, 14,4% ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენლად კარგი შედეგია. ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდა გამოწვევებს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეკონომიკის სტაბილურობა და განვითარება შეინარჩუნა. ომმა უკრაინის ეკონომიკა თითქმის 50%-ით შეამცირა, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის ეკონომიკა (დაახლოებით 20%). ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრს შეადგენს. სწორედ რეალობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა, შედეგზე არის გათვლილი, შედეგი კი ქვეყნის და ეკონომიკის სტაბილური განვითარებაა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 14.4% შეადგინა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი და ფულადი გზავნილები.

„უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში  14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა - 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“,  - აღნიშნა პრემიერმა.