მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს დამაჯერებელ ზრდას - იანვარ-მარტში ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.4 პროცენტი შეადგინა - იოსებ არჩვაძე

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე - Pia.ge

„საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად გართულებული საერთაშორისო ვითარებისა, აგრძელებს დამაჯერებელ ზრდას. ქვეყნის მშპ 2022 წლის მარტში 10.6 პროცენტით გაიზარდა და პანდემიამდელი, 2019 წლის მარტის მაჩვენებელს 11.9 პროცენტით გადააჭარბა. იანვარ-მარტში ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.4 პროცენტი შეადგინა და პანდემიამდელი 2019 წლის პირველი კვარტალის დონეს 11.8 პროცენტით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 თვიდან (2021 წლის აპრილიდან) 8 თვეში საქართველოს ეკონომიკას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა,“ - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ექსპერტი აცხადებს, რომ მშპ-ის ზრდა მარტში დაფიქსირდა ეროვნული მეურნეობის იმ დარგებში, სადაც იქმნება ქვეყნის მშპ-ის 4/5-ზე მეტი (გარდა სოფლის მეურნეობის, განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა).

მისი თქმით, განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს მშენებლობის სექტორში (დასაქმებულთა თითქმის 100-ათასიანი კონტინგენტით და 8-პროცენტიანი წილით მშპ-ში) გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა.

„ეკონომიკური ზრდა ძირითადად მიღწეული შრომის მწარმოებლურობის ამაღლების ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ქვეყნის ბიზნესსექტორის აქტიურობისა და ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით ბიზნესის წახალისებისა და მხარდაჭერის, აგრეთვე კომპლექსური ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ხარჯზე. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ექსპორტს, რომელიც მარტში წინა წლის მარტთან შედარებით 26.3 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტის მატების ტემპი 11 პუნქტით უსწრებს იმპორტის მატების (+15.3%) ტემპს. ამასთან, მარტში მთელი ექსპორტის აბსოლუტური მატების 100 პროცენტი ადგილობრივი ექსპორტის დამსახურებაა, რომელიც მარტში 38.7 პროცენტით გაიზარდა,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

სტატისტიკური მაჩვენებლით, 2022 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა (1095.4 მლნ. ლარი), რაც 24.4 პროცენტით აღემატებოდა 2021 წლის მარტის ბრუნვას. 2022 წლის მარტში ყოველდღიურად საშუალოდ რეგისტრირდებოდა 294 საწარმო, რაც წინა წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს 123-ით აღემატება. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება მომსახურების ექსპორტის ხაზითაც, სადაც დაკარგულ პოზიციებს თანდათან იბრუნებს ტურისტული სექტორი.

მარტის მდგომარეობით საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პანდემიამდელი 2019 წლის მარტის დონის 71.3 პროცენტს მიაღწია და 174 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება ადეკვატურად აისახა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებში, რომლის მოცულობამ 2022 წლის მარტში (1548.4 მლნ. ლარი) 43.4 პროცენტით გადააჭარბა ერთი წლის წინანდელ დონეს.

„მონაცემები ცალსახად ადასტურებენ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას გაზრდილი ნეგატიური ეგზოგენური პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებისადმი, მეორე მხრივ კი ეროვნული მეურნეობის მზარდ დივერსიფიცირებას და ქართული ბიზნესის უფრო აქტიურ ჩართულობას გლობალურ ეკონომიკაში,“ - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.