მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზერბაიჯანელებმა ყარაბაღში ცეცხლი გახსნეს“ - სომხური მხარე

ყარაბახი

სომხური მხარე იუწყება, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსული ძალების ნაწილის მიერ ყარაბაღის დატოვების შემდეგ, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე დასახლებაში ცეცხლი გახსნეს. 

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის მშვიდობიანი დასახლებები დაბომბეს. ხნაპატის თემის მიმართულებით ნაღმტყორცნიდან ორჯერ გაისროლეს. სავარაუდოდ, ისინი სათემო მინდვრებში ჩამოვარდა.

სამველ შაჰრამანიანში 11 მარტს აფეთქებების ხმა ისმოდა. სავარაუდოდ, დაბომბვა ყუმბარმტყორცნით განხორციელდა, აფეთქების ადგილი ვერ იპოვეს. 

აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს პროვოკაციას მარტუნის მიმართულებით. მათ ცეცხლი გაუხსნეს თაღავარდის თემებს, შემდეგ კი მშვიდობიან მოსახლეობას დაემუქრნენ, რომ თუ სახლებს არ დატოვებდნენ, ძალას გამოიყენებდნენ“, - აღნიშნულია სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მოგვიანებით, ყარაბაღის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა აზერბაიჯანს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით ცეცხლი არ გახსნას. 

„აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს თავისი უგუნური მოქმედება ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ბოლო დღეებში, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომით არის დაკავებული, აზერბაიჯანმა მკვეთრად გაზარდა პროვოკაციები და მუქარა ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობაზე. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მოლაპარაკებები რუსი სამშვიდობოების ჩართულობით გრძელდება“, - აღნიშნა ბეგლარიანმა.