მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელი მღვდელმსახურები რუსეთის პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ

პატრიარქი კირილი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სუმის ეპარქიის რამდენიმე მღვდელმსახურმა დაგმო რუსული აგრესია და მოსკოვის პატრიარქ კირილის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ უკრაინული „რადიო თავისუფლება“ წერს.

მღვდლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და განაცხადეს, რომ ისინი ლოცულობენ უკრაინის ხელისუფლების, შეიარაღებული ძალებისა და ყველასთვის, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად დადგა იარაღით ხელში. 

„განსაკუთრებული მწუხარებით უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საშინელ დღეებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებები. 2022 წლის 24 თებერვლის მიმართვაში პატრიარქმა კირილემ მხოლოდ მოუწოდა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს, გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამდენად, თავად ომი აქ არ არის დაგმობილი“, - ნათქვამია მღვდლების განცხადებაში.

პატრიარქმა კირილემ უკრაინაზე თქვა: „ბოროტი ძალები, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის ერთიანობისა და რუსული ეკლესიის წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, მოსკოვის სუმის ოლქის საპატრიარქოს სასულიერო პირებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის პატრიარქი ეთანხმება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

„ჩვენი სინდისის კარნახით, გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა მოსკოვის პატრიარქის თაყვანისცემა. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ჩვენი სამწყსოს მოთხოვნებითაც, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარ სურს პატრიარქ კირილის სახელის გაგონება ჩვენს ეკლესიებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი არ არის კანონიკური დარღვევა, რადგან საეკლესიო კანონები ითვალისწინებს მხოლოდ მმართველი ეპისკოპოსის, ონუფრის ხსენებას.