ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 რაუნდის ოფიციალური წარდგენა გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების პირობად ევროპისგან უფრო მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა. ამის შესახებ Bloomberg-ს ანონიმურმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა.
ევროკომისია სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე გეგმავდა.
თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, გასულ კვირას აშშ-მა დაიწყო ზეწოლა თავის G7 მოკავშირეებზე, მოითხოვა ჩინეთსა და ინდოეთზე რუსული ნავთობის შესყიდვისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესება, ასევე სხვა ზომების მიღება, რათა კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი აიძულონ, უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
წყაროს ცნობით, G7 ამჟამად სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს და ტექსტზე მუშაობის დასრულებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავს.
აქამდე ტრამპი რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესებისგან თავს იკავებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვე დადგენილი რამდენიმე ვადა დაარღვია, პუტინი კი ამ დრომდე უარყოფს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს.
მანამდე European Pravda-ს წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის პრეზენტაცია გადაიდო. წყაროების ცნობით, სამუშაოები შესაძლოა, კვირის ბოლომდე დასრულდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატოს ყველა ქვეყანა იმავეს გააკეთებს და თუ ისინი რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტენ.