მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში, Typhoon-ები მზად იქნებიან რუსულ დრონებზე თავდასხმისთვის

ჯონ ჰილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ნატო „გადამწყვეტად რეაგირებს“ საფრთხეებზე და „ტაიფუნის“ გამანადგურებლები მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, თავს დაესხნენ რუსულ დრონებს, რომლებიც ნატოს ქვეყნებში დაფრინავენ. მის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს. 

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი შეუერთდება პოლონეთში ნატოს ახალ მისიას „აღმოსავლეთის მცველი“, რომელიც ნატომ რუსული დრონების უპრეცედენტო შეჭრის შემდეგ დაიწყო და გაგზავნის თავის „ტაიფუნებს“.

„თუ არსებობს დრონები, რომლებიც პოლონელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაშინ ნატო მიიღებს ზომებს მათ გასანადგურებლად“, - განაცხადა ჰილიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბრიტანული გამანადგურებლები „ნატოს საჰაერო სივრცის დაცვის“ უფრო ფართო მისიის ნაწილია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მეორე მოკავშირე გახდა, რომელმაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული დრონი მის საჰაერო სივრცეში დააფიქსირა. ამასთან დაკავშირებით ჰილიმ განაცხადა, რომ „ტაიფუნების“ მისია ამ ქვეყანაშიც გავრცელდება, თუ ეს საჭირო გახდება.

„ისინი ნატოს აღმოსავლეთ გვარდიის საჰაერო საპოლიციო მისიის ფარგლებში არიან განლაგებულნი. ნატო წყვეტს, რა განათავსოს და სად. ეს ალიანსში ჩვენი წვლილის ნაწილია“, - დასძინა ბრიტანელმა მინისტრმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ 10 სექტემბერს რუსულმა დრონებმა პოლონეთის და შესაბამისად, ნატოს საჰაერო სივრცე განზრახ დაარღვიეს, ჰილიმ უპასუხა: „განზრახვის შესახებ მტკიცე დადასტურება არ არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქმე ამას არ ეხება. ეს მაინც უგუნურია, მაინც საშიშია“.