უცხოეთი

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
1642160587
დაკოპირებულია

ევროკავშირმა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. 

ზომები ეხება რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს, ასევე საქონელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.

სანქციები იმ პაკეტში შედის, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს 2014 წელს დაუწესა, როცა უკრაინაში ყირიმის ანექსია მოხდა. სანქციების გახანგრძლივება დაკავშირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასთან, რომლით გათვალისწინებული ვალდებულებები რუსეთმა „სრულიად არ შეასრულა“.

ეს ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და კრძალავს ფინანსურ დახმარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ის აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობის ყველა იმპორტს, ექსპორტს ან ტრანსფერს და ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ „სენსიტიურ“ ტექნოლოგიაზე.

ინფორმაციისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში, ქვეყნის ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეტაკებებისას 14 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.