მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გაგლოევი: ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ რევანშისტულ ილუზიებზე უარი უნდა თქვას

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი

საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა აღიქვას სამხრეთ ოსეთი, როგორც „დასაბრუნებელი ობიექტი“, ამ შემთხვევაშია შესაძლებელი კონსტრუქციული და თანაბარუფლებიანი დიალოგის წარმოება. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ პრაგმატული დიალოგისთვის თანაბარუფლებიანობის პრინციპზე. მაგრამ ის მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართული პოლიტიკური ელიტა რევანშისტულ ილუზიებზე უარს იტყვის, წინა აგრესიაზე პასუხისმგებლობას აღიარებს და სამხრეთ ოსეთს აღარ განიხილავს, როგორც დასაბრუნებელ ობიექტს“, - განაცხადა გაგლოევმა.

გაგლოევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი კვლავ მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი აღიარება შეუძლებელია, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი პროცესი.

გაგლოევი ასევე შეეხო უკრაინაში ომის საკითხს და განაცხადა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 1,5 ათასი მებრძოლი იმყოფება, რაც მოსახლეობის რაოდენობის 3%-ს შეადგენს.