ამერიკელი ექიმები, დაზვერვის აგენტები და სახელმწიფო მოხელეები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა იწვევს „ჰავანის სინდრომს“, იდუმალ დაავადებას, რომელიც ამერიკელ ჯაშუშებს და დიპლომატებს დაუდგინდათ. ზოგიერთი ამას თანამედროვე ომის ნაწილს უწოდებს, სხვებს კი მიაჩნია, რომ ეს, შესაძლოა, მიყურადების ახალი საშუალება იყოს. მაშ, რა არის ჰავანის სინდრომი სინამდვილეში? BBC სიტუაციაში გარკვევას შეეცადა.
რამდენიმე კვირის წინ ავსტრიასა და შეერთებულ შტატებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენაში აშშ-ის დიპლომატები განიცდიან იდუმალი დაავადების სიმპტომებს, რომელსაც "ჰავანის სინდრომს" უწოდებენ. ვაშინგტონმაც და ვენამაც ამ ფაქტების გამოძიება დაიწყო.
„ჰავანის სინდრომი“ ამ დაავადებას ეწოდა იმის გამო, რომ კუბის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოში დიპლომატები და ჯაშუშები 2015 და 2016 წლებში დაუდგენელი მიზეზით ავად ხდებოდნენ. ოფიციალურმა პირები ვარაუდობენ, რომ ამ ადამიანებზე შეტევა რადიოს სიხშირით ან ენერგეტიკული ველის მეშვეობით განხორციელდა, რამაც აშშ-ის დიპლომატების და დაზვერვის თანამშრომლების ავადმყოფობა და ტვინის დაზიანებაც კი გამოიწვია. მსგავსი ფაქტები კუბაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა.
როგორც ჟურნალი „ნიუ-იორკერი“ წერდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოვიდა, ვენაში აშშ-ის ოცამდე დიპლომატს და სხვა წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ სიმპტომები, რომლებიც ამ იდუმალ ავადმყოფობას ჰგავს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თანამშრომლობს აშშ-ის წარმომადგენლებთან და ერთობლივ გამოძიებას ატარებს“. განცხადებაში წერია:
„ჩვენ ამ ცნობებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ავსტრიაში მყოფი დიპლომატების და მათი ოჯახების უსაფრთხოება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დეტალურად იძიებს“ ცნობებს ვენაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ჰავანას სინდრომი არის სამედიცინო ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც პირველად კუბაში, შეერთებული შტატებისა და კანადის საელჩოს თანამშრომლებს 2016 წლის ბოლოს დაუდგინდათ. შემდგომში ანალოგიური ფაქტები სხვა ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში და გერმანიაში დაფიქსირდა.
2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ სიმპტომების გამომწვევი თავდასხმების განხორციელებაში კუბა ღიად დაადანაშაულა. შეერთებულმა შტატებმა კუბაში საელჩოს პერსონალი მინიმუმამდე შეამცირა. 2018 წელს მსგავსი პრობლემები ამერიკელ დიპლომატებს ჩინეთში დაუფიქსირდათ.
კუბაში დაზარალებული დიპლომატების შემდგომი კვლევების შედეგად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ JAMA-ში, აღმოაჩნდა მტკიცებულება, რომ დიპლომატების ტვინზე გარკვეული ზეგავლენა განხორციელდა, რის შედეგად ტვინი დაზიანდა, მაგრამ დაზიანებების ზუსტი მიზეზები უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ექსპერტის კონსენსუსი სიმპტომების გამომწვევ მიზეზზე, JAMA კვლევის თანაავტორმა მიიჩნია, რომ მიკროტალღური იარაღი ამ ფენომენის „მთავარი ეჭვმიტანილია“. აშშ-ის მეცნიერებათა, საინჟინრო და მედიცინის ეროვნული აკადემიის ექსპერტთა კომიტეტმა 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა დასკვნა, რომ მიკროტალღური ენერგია (კონკრეტულად, მიმართული იმპულსური RF ენერგია), როგორც ჩანს, ეს ამ დაზიანებების ძირითადი მიზეზია.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებში არ არსებობს კონსენსუსი და ოფიციალური პოზიცია ჰავანას სინდრომის მიზეზზე, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ამ ფაქტებზე რუსეთის სამხედრო დაზვერვა (GRU) არის პასუხისმგებელი.
იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის ჯაშუშური ომი მიმდინარეობდა, ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ დიპლომატებზე განხორციელებული შეტევების უკან, რუსული სპეცსამსახურები დგანან. დაახლოებით 20 წლის წინ სუპერსახლემწიფოების შეჯიბრში ჩინეთიც ჩაერთო, რომლის მიმართაც ანალოგიური ეჭვები გაჩნდა.
„ტვინი 21-ე საუკუნის ბრძოლის ველია“, - აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ნევროლოგიის და ბიოქიმიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ჯორდანო. მისი თქმით, ადამიანის ტვინის შესახებ მეცნიერება ძალზე გლობალურია და ბევრი რამე ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის.
პროფესორი ამბობს, რომ ჩინეთი და რუსეთი მიკროტალღურ კვლევებს დიდი ხანია აწარმოებენ. ის არ გამორიცხავს, რომ კომერციული გამოყენებისთვის შექმნილი სხვადასხვა ხელსაწყო და დანადგარი შეიძლება სხვა მიზნებისთვისაც, კერძოდ ჯაშუშურ ომებში ყოფილიყო გამოყენებული.
აშშ-ის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ბილ ევანი პრაქტიკულად 100%-ით დარწმუნებულია, რომ ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ სპეციალური მიკროტალღური შეტევითი იარაღი იყო გამოყენებული.