ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებაა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მასირებული საჰაერო იერიშის შემდეგ ქალაქში ისრაელის ტანკები შევიდნენ. „ღაზა იწვის“, - დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა X-ში. მისი ინფორმაციით, ისრაელის ჯარი ღაზაში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას „რკინის მუშტით“ ანადგურებს.
„ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან. უკან დახევას ან დანებებას არ ვაპირებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მძევლები გათავისუფლებულები იყვნენ, ხოლო „ჰამასი“ - განადგურებული“, - წერს მინისტრი.
13 და 14 სექტემბერს ისრაელის ძალებმა ქალაქ ღაზაში ათობით შენობა დაბომბეს და გაანადგურეს. მათი ინფორმაციით, „ჰამასი“ ამ შენობებს სამხედრო მიზნებში იყენებდა. მანამდე ისრაელის ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა პალესტინელებს და ღაზადან სამხრეთით წასვლა უბრძანა. ამის შემდეგ ქალაქი 300 000 ადამიანმა დატოვა.