მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ჯეი დი ვენსი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს, ექვს თვეში დასრულდება

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა NBC New-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი არაუმეტეს, ექვს თვეში დასრულდება. 

„ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ენერგიულ დიპლომატიაშია ჩართული, რათა მკვლელობების შეჩერება სცადოს. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ამით უნდა იამაყოს და რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი, დასრულდება ომი სამ თვეში თუ ექვს თვეში, იმედი მაქვს, რომ არაუმეტეს ექვს თვეში, ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მკვლელობების შეჩერებას.

ზოგჯერ გვგონია, რომ რუსებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და ზოგჯერ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის ძალიან იმედგაცრუებულია რუსებით. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც ამის მისაღწევად გვჭირდება და არ მგონია, რომ ეს ერთ ღამეში მოხდეს“, – განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, მკვლელობების შეჩერება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა რუსები და უკრაინელები რაიმე შუალედური პოზიციის პოვნას. ამასთან, ვენსის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნახეს გარკვეული სახის დათმობები, როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთისგან.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკვე ვნახეთ ორივე მხარისგან მნიშვნელოვანი დათმობები, სულ რაღაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მე არ მითქვამს, რომ რუსები ყველა დათმობაზე წავიდნენ. მაგრამ რაც მათ დათმეს, არის აღიარება, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღიარეს, რომ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას ვერ შეძლებენ. მათ აღიარეს, რომ საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები. წავიდნენ თუ არა ისინი ყველა საკითხზე დათმობაზე? რა თქმა უნდა, არა. უნდა დაეწყოთ თუ არა ომი? რა თქმა უნდა, არ უნდა დაეწყოთ, მაგრამ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ვენსმა.