მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს იმაზე მეტი ფული აქვთ, ვიდრე 3,1 მილიარდ ღარიბ ადამიანს ერთად - Oxfam International

სოციალური უსამართლობა მსოფლიოში

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Oxfam International-ის ინფორმაციით, იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს წვდომა არა აქვთ, ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

Oxfam-ის მიერ 17 იანვარს გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება გაორმაგდა, რაც მდიდრებს და ღარიბებს შორის სხვაობას კიდევ უფრო ზრდის.

„2022 წელს უპრეცედენტო უსამართლობით შევხვდით. მდიდრებს და ღარიბებს შორის ასეთი სხვაობა ეკონომიკური ძალადობის ერთგვარი ფორმაა“, - აცხადებენ  Oxfam International-ში.

ამ ძალზე უსამართლო და უთანაბრო მსოფლიოში სისტემური პოლიტიკა და სისტემური არჩევანი მდიდრების სასარგებლოდ მუშაობს, რაც უბრალო ადამიანებს უდიდეს ზიანს აყენებს - წერია მოხსენებაში.

„მილიონობით ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მათ ვაქცინა რომ ჰქონოდათ. ფარმაცევტული კორპორაციები კი ვაქცინებზე და ამ ტექნოლოგიებზე მონოპოლიურ კონტროლს ინარჩუნებენ“, - წერენ Oxfam-ის ექსპერტები.

დასკვნის მიხედვით, მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს იმაზე მეტი ფული და ქონება აქვთ, ვიდრე 3,1 მილიარდ ღარიბ ადამიანს. პანდემიის დროს დედამიწის მოსახლეობის 99%-ს შემოსავალი მოაკლდა, მდიდრები კი უფრო მეტად გამდიდრდნენ.

აგრეთვე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის აღდგენა პანდემიის შემდეგ ასევე არათანაბრად მოხდება, რაც ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით უთანაბრობას და განხეთქილებას კიდევ უფრო გაზრდის. ეს მოხსენება, როგორც წესი, დავოსის ეკონომიკურ ფორუმამდე ვრცელდება.

ამ ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაეროს სერიოზულ ძალისხმევის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიების უფრო თანაბარი განაწილება, განათლების მიმართ უფრო თანაბარი წვდომა იყოს, მსოფლიოში მდიდრებს და ღარიბებს შორის უთანაბრობა იზრდება. 

1995 წლიდან მდიდარმა ადამიანებმა, რომლებიც მთელი მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ, საკუთარი ქონება 20-ჯერ გაზარდეს. პანდემიის შედეგად კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.

„ცენტრალური ბანდების მიერ ფინანსურ ბაზარზე გადაყრილი ტრილიონები ეკონომიკების გადასარჩენად მილიარდერების ქონების ზრდა გამოიწვია - ეს მილიარდერების ყველაზე დიდი გამდიდრებაა ისტორიაში, ხოლო ღარიბი ადამიანები პანდემიამ კიდევ უფრო გააღატაკა“, - განაცხადა Oxfam-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუჩერმა.

Oxfam-ს ინფორმაციით, საშუალო და მცირე შემოსავლების ქვეყნებში COVID 19-ის ინფექციით ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში.