„რუსეთს ჩვენს მთავარ საფრთხედ და პრიორიტეტულ მტრად ვასახელებთ, ეს ისტორიული შეცდომაა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში.
„ევროპისა და საფრანგეთისთვის პირველ რიგში, დემოგრაფიული საფრთხე არსებობს: 30 წელიწადში ევროპის მოსახლეობა 550 მილიონიდან 480 მილიონამდე შემცირდება, ხოლო აფრიკისა 1.2 მილიარდიდან 2.4 მილიარდამდე გაიზრდება. მიგრაციული კრიზისი ჯერ არ დაწყებულა! უარესი წინ გველის, რადგან მოსალოდნელია მიგრაცია, რომელიც კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მიზეზების გამო აღარ არის ასიმილირებადი. ეს ევროპისთვის ეგზისტენციალური რისკია. ამასობაში ჩვენ რუსეთს ჩვენს მთავარ საფრთხედ და პრიორიტეტულ მტრად ვასახელებთ. ეს ისტორიული შეცდომაა!“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ „მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.
„ნუთუ, მილიონი დაღუპული და დაჭრილი საკმარისი არაა და ომის გაგრძელებაა საჭირო? ყველამ იცის, რომ უკრაინას აღარ შეუძლია ომის მოგება, თუმცა მას შეუძლია კიდევ უფრო მეტი დაკარგოს. ვაწარმოებთ რეალობის დიპლომატიას თუ პოზირების დიპლომატიას? სიმართლე ვთქვათ: გარდაუვალია ტერიტორიული დათმობები“, - განაცხადა სარკოზიმ.
მისი თქმით, უკრაინას მომავლისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მიეცეს, ხოლო მისი ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანება შეცდომა იქნება.
„რატომ ვაპროტესტებთ მერკოსურს და ვერ ვხედავთ, რომ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია ევროპული სოფლის მეურნეობისთვის უარესი იქნება? როდესაც ვიცნობთ რუსეთის ისტორიას საფრანგეთთან და ევროპასთან, შეგვიძლია მხოლოდ ვინანოთ დღევანდელი სრული გაუგებრობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმირ პუტინი ამაზე პასუხისმგებელი არაა, რადგან ის პირველ რიგშია პასუხისმგებელი. მაგრამ დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად ევროპაა იზოლირებული, ვიდრე რუსეთი. ეს დასავლეთისთვის ძალიან დიდი რისკია. ჩვენ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებას ვაგებთ“, - დასძინა მან.