მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დოჟდის“ წამყვან ანა მონგაიტზე ძებნა გამოაცხადა

ანა მონგაიტი

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეარხ „დოჟდის“ წამყვან ანა მონგაიტზე ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, მონგაიტს ერთი დღით ადრე დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა „რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო“. 

„ამ ბრალდებით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე აღიძრა მონგაიტის პოსტების საპასუხოდ, რომლებიც მის მშობლიურ ოდესაში რუსი ჯარისკაცების თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას ეხებოდა,“ - წერს მედიასაშუალება. 

მონგაიტი საზღვარგარეთ ცხოვრობს. „დოჟდის“ რედაქცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპაში გადავიდა, არხი ამჟამად ნიდერლანდებიდან მაუწყებლობს. 

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, რუსეთმა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი „დოჟდის“ მთავარ რედაქტორ ტიხონ ძიადკოზეც გამოაცხადა ძებნა. 

2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, ხოლო მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ის 35 000 რუბლით დააჯარიმა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლმა ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა აკრძალა.