მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება - ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ტრასი ამბობს, რომ დასავლეთს გამოაქვს დასკვნა იმ ფაქტიდან, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მან რუსეთის შესაკავებლად საკმარისი არ გააკეთა.

„ეს ძალზე რთულია. ამ ოლიგარქებმა მისცეს ვლადიმერ პუტინს იმის გაკეთების უფლება, რასაც ის აკეთებს. მის ხელებზე სისხლია“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტრასის თქმით, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი დიდ ბრიტანეთში „არასოდეს დაბრუნდება“. „მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“ - ამბობს ბრიტანელი მინისტრი.

„მე მგონი დასავლეთმა ყურადღება მოადუნა რუსეთთან მიმართებით დაახლოებით 1997 წელს, ტონი ბლერის პრემიერ-მინისტრობის დროს და ამ პოლიტიკას ბოლო დრომდე განაგრძობდა. იყო რამდენიმე გარდამტეხი მომენტი და ყოველ ჯერზე დასავლეთი არ ექცეოდა სერიოზულად იმას, რასაც გეგმავდა პუტინი“ - ამბობს ლიზ ტრასი.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში იყო ავტორიტარულ რეჟიმთან შეგუების ძალზე ბევრი მაგალითი. ეს თითქოს ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე კეთდებოდა. ხოლო უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით. თავისუფალი სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნავთობის, ელექტროენერგიის, საქონლის დაბალ ფასს და ეს ჩვენი თავისუფლების და უსაფრთხოების ხარჯზე ხდებოდა“ - განაცხადა ლიზ ტრასმა.

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა იმის ფასს იხდის, რომ დასავლეთს დიდი ხნის განმავლობაში არ ესმოდა იმ საფრთხის, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

ცნობისთვის, რუსეთი 24 თებერვალს რამდენიმე მხრიდან უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანაში სამ კვირაზე მეტია სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. დაღუპულია ათასობით ადამიანი.