ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სამი მთავარი გზავნილი დაასახელა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს ონლაინ მოლაპარაკებებისას ევროპელ ლიდერებს გადასცა. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენ სამი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი გაგვიზიარა. პირველი არის ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა კოშტამ.
მეორე პუნქტად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის გარდა არავის შეუძლია უკრაინის საქმეებზე მოლაპარაკება“.
„მესამე ელემენტია შეერთებული შტატების მზადყოფნა, ევროპასთან ერთად გაიზიაროს ძალისხმევა უსაფრთხოების პირობების გასაძლიერებლად, როდესაც უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა იქნება მიღწეული“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპისა და კრემლის მმართველ პუტინს შორის 15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილ სამიტზე შესაძლებელი იქნება „ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და უკრაინაში მშვიდობისკენ გზის გახსნა“.