უინძორის ციხესიმაგრის ერთ-ერთ კოშკზე დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის ფოტოების გამოსახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულებმა ჯერ უინძორის ციხესთან ახლოს ტრამპისა და ეპშტეინის ერთობლივი ფოტოს უზარმაზარი ბანერი გაშალეს და ფოტოები ერთ-ერთ კოშკზე დააპროექტეს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა კოშკი დემოკრატი სენატორების მიერ გამოქვეყნებული იმ წერილის გამოსახულებითაც გაანათეს, რომელიც გამავრცელებლების მტკიცებით, ტრამპმა ეპშტეინს დაბადების დღის მისალოცად დაახლოებით, 20 წლის წინ მისწერა. გამოსახულებებს შორის იყო ეპშტეინის მსხვერპლთა ფოტოებიც.
როგორც მედია წერს, სწორედ ამ ციხესიმაგრეში უნდა უმასპინძლოს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით მყოფ დონალდ ტრამპს მეფე ჩარლზმა.
დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა 8 სექტემბერს გამოაქვეყნეს, თუმცა თეთრმა სახლმა მისი ავთენტიკურობა მალევე უარყო. საუბარია წერილზე, სადაც ტრამპი ეპშტეინს „მეგობარს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ყოველი დღე შესაძლოა, კიდევ ერთი მშვენიერი საიდუმლო იყოს“.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ეპშტეინთან პრეზიდენტობამდე მეგობრობდა, მაგრამ ფინანსისტის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, მასთან კონფლიქტი ჰქონდა. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს საკანში გარდაცვლილი იპოვეს.