მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილი ოთხი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოსთვის 35 400 000 ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 10 წელი. თანხის ათვისება 2027 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„ეს ის რესურსია, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოში ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, შესაძლებლობას მისცემს ფართოზოლოვან ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა. შესაბამისად, ყველა ასეთი დასახლების სრული ინტერნეტიზაცია განხორციელდება“, - განაცხადა მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა „2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა.

კონვენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ წარსადგენი განახლებული დათქმები და შეტყობინებები“ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას უკავშირდება და მიზნად მრავალმხრივი საგადასახადო კონვენციის გავრცელებას ისახავს იმ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებზე, რომლებზეც კონვენცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

„მრავალმხრივი საგადასახადო კონვენცია დასაბეგრი ბაზისა და დაბალი გადასახადების იურისდიქციებში მოგების ხელოვნურად გადატანის აღკვეთის მიზნით შემუშავდა. საქართველო ამ კონვენციას 2017 წლის 7 ივნისს მიუერთდა. მისი რატიფიცირება 2018 წლის 28 დეკემბერს მოხდა, ხოლო ძალაში 2019 წლის 1 ივლისიდან შევიდა.

შესაბამისად, დათქმებისა და შეტყობინებების დოკუმენტში შეყვანილი მხოლოდ ის ქვეყნები იყვნენ, რომლებიც იმ დროისთვის კონვენციას აწერდნენ ხელს. ამჟამად კონვენცია 58 ქვეყანას მოიცავს და 22 ქვეყანასთან არ მოქმედებს ის დათქმები, რომელიც ამ მრავალმხრივი ხელშეკრულებით განხორციელდა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, კონვენცია ამ 22 შეთანხმებაზე გავრცელდება, მათ შორის, ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ავსტრია, დანია, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, აზერბაიჯანი და სხვა“, - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი შეთანხმების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მექანიზმებს ითვალისწინებს. კონკრეტულად, შეღავათი არ გავრცელდება იმ შემოსავალსა და ტრანზაქციებზე, რომლის ძირითადი მიზანი მხოლოდ ამ შეღავათით სარგებლობაა. ცვლილება ასევე ეხება დავების ეფექტიანად გადაწყვეტის პროცედურებს, კერძოდ, ქვეყნის რეზიდენტს უფლება მიეცემა კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს, თუ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ შეთანხმება არასწორად გამოიყენა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა ოქმი „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ II ოქმის ჩანაცვლების თაობაზე, რომელიც „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს შეეხება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2025 გადაწყვეტილება“.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ცვლილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელშიც მითითებული იქნება პრეფერენციული წარმოშობის წესების კონვენციის განახლებული რედაქცია, როგორც საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის წესი.

„აღნიშნული განახლების აუცილებლობა 2023 წლის 7 დეკემბერს მიღებულმა პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლითაც კონვენციაში ცვლილებები შევიდა და ის ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.

კონვენციის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს მოდელირება გაუკეთოს საქონლის წარმოების პრეფერენციულ წესებს კონვენციის ფარგლებში დაკავშირებულ სავაჭრო პარტნიორებს შორის, გახადოს ისინი უფრო მოქნილი და ბიზნესზე ორიენტირებული. მაგალითად, სასაქონლო ჯგუფების პროდუქციის უმეტესობისთვის წარმოშობის კრიტერიუმები ბევრად მოქნილია და არჩევანის საშუალებას იძლევა სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმსა და 50%-იან ადვალურ კრიტერიუმებს შორის.

ცვლილება, ასევე, შეეხო კუმულაციის პრინციპსაც. ალტერნატიული წესები დიაგონალურ კუმულაციასთან ერთად დამატებით ე.წ. სრულ კუმულაციას ითვალისწინებს, რაც ხელშემკვრელ მხარეებში განხორციელებული გადამუშავების პროცესების შეჯამების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

დოკუმენტის თანახმად: გაიზარდა ე.წ. ტოლერანტობის წესით გათვალისწინებული ღირებულების ლიმიტი და ის 10%-ის ნაცვლად 15%-ით განისაზღვრა; გაუქმდა საბაჟო გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა; წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მხოლოდ ერთი სახის იქნება, რომლის მოქმედების ვადა 10 თვით განისაზღვრა ნაცვლად 4 თვისა; ალტერნატიული წესით გათვალისწინებულია ელექტრონული სერტიფიცირების შესაძლებლობა.

„ცვლილება აუცილებელია, რათა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასთან (მას შემდეგ, რაც უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები განხორციელდება) და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან დიაგონალური „კუმულაციის“ რეჟიმში ბაზარზე წვდომა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ ოთხივე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას.