პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშები წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებელმა შპს „ენგურჰესის“ 2022-2023 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე საუბრისას ყურადღება აუდიტის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე გაამახვილა.
გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში აუდიტის სამსახურმა ოთხი ძირითადი მიგნება გამოავლინა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
მისი თქმით, მიგნებები ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილების საწვავის არამართლზომიერ ხარჯვას, შტატგარეშე თანამშრომელთა მართვის ნაკლოვანებებს, არასრულყოფილად და ნაკლოვანებებით ჩატარებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და ელექტრომომარაგების ქსელის მართვის ხარვეზებს უკავშირდება.
აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ოთხივე რეკომენდაცია შესრულდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ენგურჰესის მიმართ გაცემული რეკომენდაციები უკვე შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საწარმოებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ საბიუჯეტო სახსრების განკარგვასა და ავტომობილების საწვავის ხარჯვაზე, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ხარვეზები.
აუდიტის ჯგუფის სხდომაზე გიორგი კეკელიშვილმა „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის(ესკო)“ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც წარადგინა.
მანვე ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე ისაუბრა და ყურადღება იმ ხარვეზებზე გაამახვილა, რომლებიც ორგანიზაციული მართვის ნაკლოვანებებს, დაუსაბუთებელ ფულადი ჯილდოების გაცემას, შვილობილი კომპანიების მართვას, სამივლინებო და სამორიგეო ავტომობილების ხარჯების ხარვეზებს უკავშირდებოდა.
აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ესკო-ს დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ისაუბრეს.
მათი თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული ოთხი რეკომენდაციიდან ორი უკვე შესრულდა, დარჩენილი ორი რეკომენდაცია კი სექტემბრის ბოლომდე შესრულდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროში ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებით მომუშავე გუნდი ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა და ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რაც სახელმწიფო ორგანიზაციების შემოწმებისას გამოვლინდა, მომავალში აღარ განმეორდება.
აუდიტის ჯგუფის წევრებმა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ეფექტიანი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, სამინისტროს შიდა კონტროლი და შემოწმების მექანიზმი უფრო ქმედითი და ეფექტური გახდეს, რათა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მომზადებამდე, უშუალოდ სამინისტრომ გამოავლინოს არსებული პრობლემები და ხარვეზები.
„ორი წლის შემდეგ ჩვენ ისევ გავეცნობით ენგურჰესის და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობის ანგარიშს. იმედია, მსგავსი ხარვეზები აღარ იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხებს და ნუ დაელოდებით, რა ნაკლოვანებებს გამოავლენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.