„ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე“, - ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფემ ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებზე, სადაც საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე.
„მათი ქვეყნებია, უნდათ მოგვცემენ ვიზას, უნდათ არ მოგვცემენ, ცუდი ისაა, შენიანებს რომ იყენებენ საბაბად, იმათ ექცევი ცუდადო. დემოკრატია ისაა, რომ უმრავლესობის ნებას უნდა დაყვეს უმცირესობა. კეთილი ინებეთ და ჩვენთან ურთიერთობა თუ გინდათ, ჭეშმარიტი ურთიერთობები გქონდეთ და ჩვენც ვიცით დაფასება - რაც კარგია მივიღებთ, რაც ჩვენთან არის კარგი - გაგიზიარებთ. ცუდს არ მივიღებთ არც თქვენგან და არცერთი დამპყრობლისგან არ ვიღებდით.
ჩამოვდივარ? თუ არ შემომიყვან იაფი მუშახელი ვარ, თუ შემოვდივარ როგორც ტურისტი ან მომლოცველი, ფულს ვხარჯავ შენთან. ხომ გაკლდება ეს? მე შენგან რომ ვყიდულობ, 11 მილიარდზე მეტს მიგებ ვაჭრობაში. მეხმარები რამით? წაგება მაქვს შენთან, ამიტომ არ გვინდა იმაზე საუბარი, ვინ - ვის სჭირდება. ყველას ერთმანეთი სჭირდება მსოფლიოში.
ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ერი, მშვიდობა იყოს მსოფლიოში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, გადახედონ როგორ არიან ის ქვეყნები. ჩვენ არ ვართ შურისმაძიებლები. არავის ვურჩევ ჩვენთან დაპირისპირებას. ყველაფერი კარგად იქნება. უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება“, - აცხადებს მეუფე იაკობი.