კითხვა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები გაურბიან, არის, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს და რატომ არ დაიწყო ომი 2022 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერ მომენტში არსებობს ერთ დღეში ომის დაწყების საფრთხე და სახელმწიფო, ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით.
„2022 წელსაც შეიძლებოდა, ერთ დღეში დაწყებულიყო ომი. ნებისმიერ მომენტში არსებობს ამის საფრთხე, სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით. 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, არ იქნებოდა 1 700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელზეც ჩვენ კონტროლი დავკარგეთ. ეს არის შედეგი. კითხვა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაურბის და მათი მფარველები გაურბიან, არის, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს და რატომ არ დაიწყო ომი 2022 წელს. იცით, რატომ არ დაიწყო? მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები იყო, გაისეირნეთ ცხინვალისკენ და სოხუმისკენო, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ხალხს, მიდით და მოხალისეები გამოაგზავნინეთ უკრაინაშიო, არცერთი დასავლელი ჯარისკაცი უკრაინაში არ იბრძვის და საქართველოს სთხოვდნენ. გახსოვთ მოწოდებები, რომ დღეს რუსეთი აგებს ომს და საჭიროა ამ მომენტის გამოყენება. გახსოვთ მოწოდებები, რომ ბომბების ცეცხლი სჯობს იმ სირცხვილის წვას. ზუსტად ამ მოწოდებებს და ამ ზეწოლას არ დაჰყვა პატრიოტული ხელისუფლება, ამიტომაც არ დაიწყო 2022 წელს ომი. სწორედ იმიტომ, რომ 2008 წელს იყო მარიონეტული რეჟიმი, ამიტომაც მოხდა აგვისტოს ომი. ეს არის მთავარი პასუხი, რატომ დაიწყო 2008 წელს ომი. ჩვენ ომების დიდი ისტორია გვაქვს, თუ დააკვირდებით, გვაქვს 15-წლიანი ციკლი ომების - 1993 წელი, 2008 წელი და ზუსტად 15-წლიანი ციკლის ბოლოს, 2022 წელს კიდევ ასეთი გეოპოლიტიკური დიდი დაპირისპირების ეპიცენტრში უნდოდათ, ჩვენ ვყოფილიყავით. ვნახეთ, როგორ უნდოდათ, გამოვეყენებინეთ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე პაიკად, ოღონდ ისეთ პაიკად კი არა, რომელიც მოქმედებს, არამედ პაიკად, რომელსაც შეწირავენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.