გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერი, ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს მიმართა და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს განსაკუთრებული დღეა, სავსე იმედითა და ახალი აღმოჩენების მოლოდინით. თითოეული თქვენგანი არის ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი და ჩვენი სიამაყე. გისურვებთ, სკოლის წლები სავსე იყოს საინტერესო თავგადასავლებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც სიყვარულს და ცოდნას უანგაროდ გიზიარებენ“, - აღნიშნა დავით კარგარეთელმა.
ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად რეაბილიტირებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სკოლაში დაიწყეს.
2025-2026 სასწავლო წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 1 030 პირველკლასელი ჰყავს.