ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული 5 პირი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა, სამართალდამცველია.
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი ანი დალაქიშვილის განცხადებით, სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება.
მისი თქმით, დაშავებულებიდან ორი უკვე გაეწერა ბინაზე.
„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. ორმა უკვე დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სამართალდამცველს, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა.
ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამიტომ მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ. საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიაც გაუკეთდა, სადაც დინამიკა კარგი გვაქვს“, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა.