მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი არსად გაუყვანიათ“ - იუსტიციის მინისტრი

რატი ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო და საბადრაგო მანქანები შეიყვანეს, რომელიც შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უკავშირდებოდეს. 

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი არსად გადაუყვანიათ და ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

„მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.

პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა“, - წერს რატი ბრეგაძე.

მანამდე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა პენიტენციურ სამსახურშიც უარყვეს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა Pia.ge-ს განუცხადა, სასწრაფო და საბადრაგო მანქანა ნამდვილად მივიდა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, თუმცა ეს სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც საპატიმროდან გაიყვანეს. 

ინფორმაციისთვის, 8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

8 მაისს, საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და აგრეთვე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავს.