მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის საპატიმროდან გაყვანას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს

სასწრაფო ციხესთან

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო და საბადრაგო მანქანები შეიყვანეს, რომელიც შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უკავშირდებოდეს, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა Pia.ge-ს განუცხადა, სასწრაფო და საბადრაგო მანქანა ნამდვილად მივიდა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, თუმცა ეს სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც საპატიმროდან გაიყვანეს. 

ინფორმაციისთვის, 8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

8 მაისს, საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და აგრეთვე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავს.