შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტროსადენებიდან ჩნდება.
შსს-ს ცნობით, მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, დღეს - 26 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდა.
შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.