ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც „დიფ სთეითის“ მიერ სახელმწიფოების დაპყრობის ახალ მეთოდსა და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს.
შათირიშვილის განცხადებით, დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიფ სთეითის“ ხელში, ვინაიდან სწორედ, ამგვარ მოქალაქეებს უპირისპირებენ ოლიგარქიული ოჯახები არასასურველ მთავრობებს და მათ დამხობას დემოკრატიის გამარჯვებად ასაღებენ.
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი, ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით - დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიფ სთეითის“ ხელში. ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ, ამ ყველაფერს რევოლუციებად, „დემოკრატიის“ გამარჯვებად ასაღებენ“, - წერს ზაზა შათირიშვილი.