მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ესპანური გამოცემა „მარკა“ - ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, თორნიკე შენგელიას თამაში ნებისმიერ ფასად სურს

თორნიკე შენგელია
1756194648
სპორტი

ესპანური გამოცემა „მარკა“ საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებ წერს, რომელიც ჩატარებული სამედიცინო კვლევების შემდეგ კვიპროსში, ევრობასკეტის დაწყებამდე ეროვნულ გუნდს შეუერთდა.

შენგელიამ ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულის არითმიის გამო გამოტოვა. სამედიცინო კვლევებს is ბარსელონაში გადიოდა, ტურნირამდე კალათბურთელი სპეციალური პროგრამით მოემზადება.

„ევრობასკეტზე ესპანეთის პირველ მეტოქეს, საქართველოს, სერიოზული პრობლემა აქვს, გუნდი მოსამზადებელ ციკლში ექვსივე მატჩში დამარცხდა, ხოლო მისი ლიდერი თორნიკე შენგელია ჯანმრთელობის პრობლემის გამო დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებს ვერ ეხმარებოდა.

33 წლის ფორვარდმა, რომელიც ზაფხულში „ბარსელონას“ წევრი გახდა, ექიმების რეკომენდაციით ესპანეთისა და იტალიის წინააღმდეგ თამაშზე უარი უნდა თქვას, მაგრამ თავად ნებისმიერ ფასად სურს მოედანზე გასვლა. სავარაუდოდ, ის ესპანეთთან შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო თუ ითამაშებს, გარისკავს.

შენგელია ყოველთვის გამოირჩეოდა თავდადებით. ყოფილა შემთხვევა, 24 საათის განმავლობაში კლუბსაც ეხმარებოდა და ნაკრებსაც. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა და გუნდი მაშინვე დატოვა.

„ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თანაც ფინალურ სერიაში ტრავმით ითამაშა. ეჭვგარეშეა, რომ ქართველ კალათბურთელს ევრობასკეტზე ვიხილავთ“, – წერს გამოცემა „მარკა“.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე გამოსვლას 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.