საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა Basketball Sphere-ს და მათ შორის, ევრობასკეტზე დაგეგმილ ბატალიებსაც გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, სიყვარული, რწმენა და ღირებულებები ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო საქართველოსთან.
საქართველოს ნაკრებში თამაში
„ჩემი პროფესიული კარიერის დასაწყისიდანვე ყოველთვის ვიცოდი ერთი რამ - როცა და სადაც ჩემი ქვეყანა დამიძახებს, იქ ვიქნები. სწორედ ამიტომ, როდესაც კლუბთან კონტრაქტს ვაფორმებდი, ყოველთვის ვუსვამდი ხაზს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. ბავშვობიდანვე ტრიბუნებიდან ვუყურებდი საქართველოს თამაშებს და ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორ ვიყავი მოედანზე ამ მაისურით. იმ დროს ინტერნეტი არ იყო განვითარებული, ყველაფერზე წვდომა არ გვქონდა ისე, როგორც დღეს და მე ეროვნულ ნაკრებში გავიზარდე. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მეძლევა, ჩემში ის ბავშვი იღვიძებს. ყველა შესაძლებლობას, რომელიც ჩემს წინაშე ჩნდება, ვიყენებ, რომ იქ ვიყო. ჩემი სიყვარული, რწმენა და ღირებულებები ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო საქართველოსთან“.
მწვრთნელები
„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც იგორ კოკოშკოვმა მომცა შანსი, სულ რაღაც 16 წლის ასაკში, ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველა მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია, ნამდვილი წყალობა იყო ჩემთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ დამეხმარნენ, როგორც მოთამაშეს ზრდაში, არამედ გარკვეული ასპექტებით ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაშიც. ჯიკიჩი ფენომენალური მწვრთნელია. ჩემთვის გასაკვირია, რომ ის ევროლიგის გუნდს არ წვრთნის. დიმიტრის იტუდისი არის ადამიანი, რომელიც წარმოუდგენელ ყურადღებას აქცევს დეტალებს, რომელიც ასევე დამეხმარა ჩემს კარიერაში. დუშკო ივანოვიჩთან ორი სეზონი ვითამაშე და ორჯერვე ჩემპიონები გავხდით ესპანეთსა და იტალიაში“.
ოთხ დღეში სამი თამაში
„არ მოგატყუებთ, ეს იყო გიჟური გამოცდილება, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ჩემს კარიერაში. როგორც თქვით, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში დავფრინავდი, გასახდელებსა და თანაგუნდელებს ვიცვლიდი, მაგრამ საბოლოოდ თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გასულიყო. ჩემი ორი უდიდესი ოცნებიდან ერთ-ერთი - მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე საქართველოსთან ერთად თამაში - ამ გზით ავისრულე. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.
ერთ რამეს ვაღიარებ: ამ 72 საათის განმავლობაში იმდენად კონცენტრირებული ვიყავი, რომ არც კი მიფიქრია იმაზე, თუ რას ვაკეთებდი. როგორც კი დაიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რამდენად გიჟურია ეს, სწორედ მაშინ რთულდება ყველაფერი. იმ მომენტში ვერც კი ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი და ვცდილობდი საერთოდ არ მეფიქრა ამაზე. ამ ამბავს კიდევ უფრო ამაღელვებელს ის ხდის, რომ ბოლო ორ თამაშამდე არ მეძინა - არც „ბასკონიასთან“ თამაშის წინა ღამეს და არც ისლანდიასთან თამაშის წინ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ეს სიამაყის, აღელვებისა და ადრენალინის კომბინაცია იყო.
ისლანდიასთან თამაში ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობ, რომ არასდროს ვყოფილვარ ასე დაღლილი. ამ თამაშმა გადაწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა და საბოლოოდ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და მადლობელი ვარ ღმერთის. მე ამას ასე ვხედავ: ღმერთმა მომცა ეს შესაძლებლობა - სამი თამაში ოთხ დღეში. დავურეკე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ისინი დამეხმარნენ ჩარტერული რეისების ორგანიზებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულით მადლობა გადავუხადო მათ - ნამდვილად, დიდი მადლობა! საბოლოოდ, ამან გაამართლა - მე ნამდვილად ვამაყობდი, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. როდესაც რაღაც ძალიან გინდა, შეუძლებელი არაფერია“.
NBA-ს გამოცდილება
„პირადად მე, ადვილად იმედგაცრუებული არ ვარ. დიახ, იყო დრო, როცა უსამართლო სიტუაციაში ვგრძნობდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. G-ლიგაში გამგზავნეს და 40 ქულით, სამმაგი დუბლი გავაკეთე, მაგრამ არაფერი შეცვლილა და ჩემი სათამაშო დრო შეზღუდული დარჩა. როდესაც კონკურენტი ხარ, მზად ხარ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთო შანსის მოსაპოვებლად. შემდეგ აღმოაჩენ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ შანსი მაინც არ მოდის.
მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მწიფდები და ხვდები, რომ არც პირველი და არც უკანასკნელი NBA-ს მოთამაშე ხარ მსგავს სიტუაციაში. ეს მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა. ეს გამოცდილება პრივილეგიად აღვიქვი, რადგან ყველა ამ რთულმა მომენტმა ჩამომაყალიბა იმად, ვინც დღეს ვარ. კიდევ ერთი რამ, რისთვისაც მადლიერი ვარ, არის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გზაში გავიცანი. დიახ, რთული იყო, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ მზის სხივები და ცისარტყელები არ არის. როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო? ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე გავიზარდე და შემდეგ კევინ გარნეტისა და დერონ უილიამსის გვერდით ვიჯექი. ეს უდიდესი გამოცდილებაა. ჩემი ოცნება იყო NBA-ში მოხვედრა. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ არაფერს ვნანობ. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მქონდა“.
რას ეტყოდა ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას
„არ ვიცი. ვერ ვეტყოდი, რომ უფრო მეტი ემუშავა, რადგან მე ყოველთვის ასე ვიქცეოდი. იქნებ მოთმინებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ისეთი რამაა, რასაც ეროვნულ ნაკრებშიც და NBA-შიც მჭირდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მომთმენი ვყოფილიყავი და ეს ყველაზე ნაკლებად გინდა იმ მომენტში მოისმინო. მოთმინება უნდა გამოიჩინო და შენს მომენტს დაელოდო“.
მისაბაძი მაგალითები
„რაც შეეხება მისაბაძ მაგალითებს - მამაჩემით დავიწყებ. დედასთან ერთად, ის დიდი ლიდერია. ასევე, სადაც არ უნდა მეთამაშა, მყავდა შესანიშნავი თანაგუნდელები და ლიდერები, რომელთაგანაც ვისწავლე. თითოეულისგან სხვადასხვა რამ ვისწავლე და ზოგიერთი ჩემს კარიერაში გამოვიყენე - რა თქმა უნდა, ის, რაც მომწონდა. მაგრამ რაც არ უნდა კარგი ლიდერი იყოს ადამიანი, აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა დააკოპირო. ასევე უნდა გესმოდეს, რა არ გიხდება, ამიტომ ვისწავლე, რა ავიღო და რა არა. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემს გარშემო იყო ამდენი წლის განმავლობაში“.
ევროლიგის მოგება თუ მედალი ევრობასკეტზე
„ორივე! ევროლიგის მსგავსი საკლუბო შეჯიბრი - მისი მოგება ყველა მოთამაშის ოცნებაა. იქ მოსახვედრად ცხრა თვე შრომობ და შემდეგ ფინალურ ოთხეულში ორი თამაში ყველაფერს წყვეტს. ევროლიგის მოგება ძალიან რთულია. მაგრამ იმ სიყვარულის და კავშირების გამო, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ვგრძნობ, რა თქმა უნდა, ორივეს მოგება მინდა, მაგრამ თუ ერთ-ერთის არჩევა მომიწევს, ჩემი ქვეყანა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება“.
| @BSphere_ INTERVIEW - Tornike Shengelia |
— Basketball Sphere (@BSphere_) August 26, 2025
⚪️ What would I say to young Toko?
🔴 Aleksandar Dzikic, it’s a surprise that he’s not coaching a EuroLeague team.
⚪️ Two biggest dreams with Georgia.
🔴 The craziest experience in career!@TokoShengelia23 https://t.co/MW9GB5j5LL