მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ყველა სიახლე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge
1758461484
ზაალ ანჯაფარიძე: უცნაურად და მანიპულაციურად გამოიყურება კვლევის დასკვნა, რომ მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუკი უვიზო რეჟიმით არ/ვერ სარგებლობ, რა ზიანი უნდა მოგიტანოს მისმა შეჩერებამ?

2025 წლის აგვისტოში კავკასიის კვლევის რესურსცენტრის #CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად (ამ ორგანიზაციას ენდობა ოპოზიცია!), ირკვევა, რომ მიუხედავად მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლისა (78%, ანუ 7%-იანი ვარდნა ადრინდელი 85%-დან), ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოსახლეობის დრამატულად მცირე ნაწილის ფუფუნებაა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 78%, რომელიც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის ფინანსურის) გამო ევროკავშირში მოგზაურობას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი იქნება, თუ სავიზო.„ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვაა, რასაც ისინი ხელისუფლებას აბრალებენ. ზოგიერთი „ექსპერტისგან“ განსხვავებით, არა ემოციების და აღქმების, არამედ დოკუმენტების ენაზე ვესაუბრები საზოგადოებას. 2025 წლის აგვისტოში კავკასიის კვლევის რესურსცენტრის #CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად (ამ ორგანიზაციას ენდობა ოპოზიცია!), ირკვევა, რომ მიუხედავად მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლისა (78%, ანუ 7%-იანი ვარდნა ადრინდელი 85%-დან), ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოსახლეობის დრამატულად მცირე ნაწილის ფუფუნებაა. ჩემთვის ეს მიგნება არ ყოფილა სიურპრიზი კითხვაზე, „2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როცა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღო, წასულხართ თუ არა ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ?“ რესპონდენტთა 22% ამბობს „დიახ,“ ხოლო 78% ამბობს „არა.“ გაითვალისწინეთ, რომ ამ 22%-ში შედიან ისინი, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა უვიზო რეჟიმით და ისინიც, ვინც - რამდენჯერმე. ჩემი დაკვირვებით, ამ 22%-ში უნდა სჭარბობდნენ სწორედ ისინი, ვისაც აქვს ფინანსური საშუალება, მრავალჯერ იმოგზაუროს ევროკავშირში. თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 78%, რომელიც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის ფინანსურის) გამო ევროკავშირში მოგზაურობას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ევროკავაშირთან უვიზო რეჟიმი იქნება, თუ სავიზო. შესაბამისად, უცნაურად და მანიპულაციურად გამოიყურება კვლევის დასკვნა, რომ მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუკი უვიზო რეჟიმით არ/ვერ სარგებლობ, რა ზიანი უნდა მოგიტანოს მისმა შეჩერებამ? ის, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით მეტწილად ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მცირე პროცენტი სარგებლობს, დასტურდება სხვა მონაცემებითაც. დიახ, არის საქართველოში მოქალაქეთა ასეთი მცირე სეგმენტი, რომელსაც შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე იმოგზაუროს ევროპაში, საკუთარი ბიუჯეტისთვის ზარალის მიუყენებლად. ვფიქრობ, ამ სეგმენტზეა გათვლილი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაც“, - წერს ანჯაფარიძე.

ავღანელი ჯარისკაცები
1758460464
„თალიბანმა“ კვლავ გამორიცხა ავღანეთის სამხედრო ბაზის აშშ-ისთვის დაბრუნება

ავღანეთში „თალიბანის“ თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა ფასიჰუდინ ფიტრატმა გამორიცხა აშშ-ისთვის ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ჯარების გაყვანის დროს მიატოვა.ფიტრატმა ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა, რომ „ზოგიერთ ადამიანს“ ბაგრამის ბაზის „პოლიტიკური შეთანხმების“ გზით დაბრუნება სურს.„ავღანეთის მიწის ერთ სანტიმეტრზეც კი შეთანხმება შეუძლებელია. ჩვენ ეს არ გვჭირდება“, - დასძინა მან.მოგვიანებით, ცალკე განცხადებაში „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ „ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია“.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, ცუდი რამ მოხდება.აღსანიშნავია, რომ ბაგრამი ავღანეთში ყველაზე დიდი ავიაბაზაა, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის აშშ-ის ოპერაციების ცენტრი იყო „თალიბანის“ წინააღმდეგ 20-წლიანი ომის დროს 2021 წლამდე, სანამ ამერიკელი ჯარები ქვეყნიდან არ გავიდნენ.

შეხვედრა სტუდენტებთან
1758458994
გივი მიქანაძე დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ - მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. სტუდენტებთან საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ისე მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.2025 წელს დმანისის ახალგაზრდული ცენტრი პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ ფარგლებში 350 ახალგაზრდას შვიდ ნაკადად უმასპინძლებს.პროექტის მიზანია ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის საგანმანათლებლო, მრავალფეროვანი სპორტულ-შემეცნებითი აქტივობებისა და ტრენინგების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიას, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება. დმანისის ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს მულტიფუნქციური სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ.

გიორგი გრძელიშვილი
1758458618
გიორგი გრძელიშვილი: „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია - როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ გიორგი მუხიგულაშვილი ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს

„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის - ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი აცხადებს. როგორც გიორგი გრძელიშვილი აღნიშნავს, გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“, გიორგი მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს.გრძელიშვილი აბსურდს უწოდებს მუხიგულაშვილის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ უკვე კარგა ხანია, საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის - ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ. როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ გიორგი მუხიგულაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა, ორი თვით...ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს. მუხიგულაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრობაც ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე „ნათესავების გაჭირვების ყურებით ტკბება“ და ეს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, არათუ მეგობრებსა და ნათესავებს ეხმარება ფინანსურად, თანაც სისტემატურად, არამედ საკუთარ სოფელში 400 ახალი სახლი აუშენა მოსახლეობას, საჩხერის 12 ათას მოსახლეს კი სახლი გადაუხურა.უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქველმოქმედების ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის წინაშე აქვთ დამსახურება, ხოლო მეგობრებს და ნათესავებს, ჯამში ასეულობით ადამიანს, ყოველთვიურად, როგორც ხელფასს და პენსიას, ისე უხდის თანხას და ეხმარება ფინანსურად. ამას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო აქტივობებთან კავშირი არ აქვს.ესეც რომ არა, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილს სურს საქართველოში ვინმეს დააჯეროს, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი საკუთარ მეგობრებს და ნათესავებს არ ეხმარება.თუმცა, ამაზე ღიმილისმომგვრელი ის გახლავთ, რასაც სიუჟეტში მუხიგულაშვილი დიდ საიდუმლოდ ასაღებს. რეალურად, უკვე კარგა ხანია საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.ასე რომ, თუკი ვინმეს ამერიკის შეერთებული შტატების 10 წლიანი ვიზის მიღება უნდა, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში უნდა აღმოჩნდეს, ამის შემდეგ კი ვიზას უპრობლემოდ მიიღებს.პ.ს. გიორგი მუხიგულაშვილმაც, როგორც „ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა“, ანუ ორი თვით ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარად ყოფილმა, შესაძლოა სწორედ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილებით მიიღო ვიზა“, - აცხადებს გიორგი გრძელიშვილი.

მეუფე შიო
1758458201
მეუფე შიო: ღვთისმშობელი ყველასთვის არის, მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს

„ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს... არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ... მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს“, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე.როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოვლინება მოწმობს იმას, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი - ღვთისმშობელი.მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს - ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური, თუ მარადიული ცხოვრებისთვის. სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: - შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

კახა კალაძე
1758457477
კახა კალაძე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან

თბილისის მერი მედიასთან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა კარგი შანსია მსოფლიოსთვის სიმართლის გასაცნობად.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. მესიჯები, რასაც ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან ვისმენთ, გაჯერებულია ტყუილით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, გავაღრმაოთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პარტნიორობა ორმხრივია და არავის მიეცემა საქართველოს უსაფუძვლოდ კრიტიკის შესაძლებლობა.„ვერ მოიყვანთ მაგალითს, ჩვენ რომ ანტიდასავლური გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, მუქარას. ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან, ევროპიდან, თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, 80 000-ად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით. პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. ჩემი ქვეყანა გაწიროს ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის, ამას ვერ დავუშვებთ. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო, ტყუილი, მუქარებზე დაფუძნებული განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პუტინი და ტრამპი
1758457099
ტრამპი: მეგონა, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მან იმედი გამიცრუა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პოზიციით, რადგან ფიქრობდა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სწრაფად დასრულებას ხელს შეუწყობდა.ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა გაზარდა ნავთობის წარმოება და ამცირებს ფასებს იმ იმედით, რომ უკრაინაში ომის დასრულებას დააჩქარებს. მან ასევე მოუწოდა ევროპას, მიჰყვნენ აშშ-ის მაგალითს და ასევე შეამცირონ რუსული ნავთობის ფასები.„ეს ავტომატურად შეაჩერებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ფასების კიდევ ცოტათი შემცირება და ეს ომს შეაჩერებს. პუტინით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ისინი აგებენ, ყოველ კვირას 5000 ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას 5000-დან 7000-მდე ადამიანი იღუპება უმიზეზოდ“, - განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან „შვიდი ომი შეაჩერა“ და ფიქრობდა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება ადვილი იქნებოდა.„მითხრეს: „შეაჩერე რუსეთი და უკრაინა და შენ მოიგებ ნობელის პრემიას...“ სინამდვილეში, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან იმედი გამიცრუა“, - აღნიშნა ტრამპმა.ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ასე თუ ისე გავუმკლავდებით“.

„თბილისობა 2025“
1758455226
„თბილისობა 2025“ გრძელდება – სადღესასწაულო ღონისძიებებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო

დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა.„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის.მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს.საღამოს ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალა-კონცერტი გაიმართება, გეპატიჟებით ყველას - დიდსა, თუ პატარას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე, ევროპის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ გაიმართება.

კახა კალაძე
1758454946
კახა კალაძე: არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არაბული ინვესტიციები, რომელიც თბილისსა და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.„შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია 6-მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში - თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე
1758454803
კახა კალაძე: ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონკურენტი, რომელიც მმართველ გუნდს შეიძლება ჰყავდეს, დედაქალაქში არსებული გამოწვევები და პრობლემებია.„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, ეს არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელთაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება - ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ პრობლემებს, გამოწვევებს და მოაგვაროს ეს ყველაფერი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი
1758454002
ლატვიის პრეზიდენტი: რაც უფრო მეტად გააღიზიანებს რუსეთი ნატოს, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი

რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის კომენტირებისას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა მოკავშირეებს შორის გადამწყვეტი რეაგირებისა და სოლიდარობის აუცილებლობას. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.როგორც რინკევიჩმა აღნიშნა, ბალტიის რეგიონში რუსეთის პროვოკაციები ადასტურებს ნატოს და ევროპული სანქციების გამკაცრების არჩეული კურსის სისწორეს.მისი თქმით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა და რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმაა.რინკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პროვოკაციებით რუსეთი „ნატოს პოლიტიკური და სამხედრო პასუხის გამოცდას“ ცდილობს.რუსეთის პროვოკაციებზე პოტენციური რეაგირების კონტექსტში, მან ისაუბრა იმ დილემაზე, რომ „არავის სურს კიდევ ერთი ომის პროვოცირება, მაგრამ რუსეთის ქმედებები არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს“.„ამიტომ ზუსტი პასუხების პოვნა და განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესი გრძელდება. რაც უფრო მეტ გააღიზიანებს რუსეთი ნატოს, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი. ამჟამად რუსეთი საკმარისს აკეთებს იმისათვის, რომ ისე ჩანდეს, თითქოს ძალიან შორს არ მიდის. თუმცა, რუსული აზროვნების ლოგიკისა და სხვადასხვა დონეზე ხშირი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მოხდეს და პასუხისმგებლობა კრემლს დაეკისრება“, - ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.მან დასძინა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც წინააღმდეგობას წააწყდება - „სწორედ ამის ახსნას და შეხსენებას ვცდილობთ ჩვენი მოკავშირეებისთვის“.„ახლა რთული დროა, ნერვული დაძაბულობისა და ძალის გამოცდის დრო. უსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი პროცესია, სავსე ყოველდღიური გამოწვევებით, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი თაობის პასუხისმგებლობა და ამოცანა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აქ - ლატვიასა და დასავლურ სამყაროში - ჩვენ ამას გადავლახავთ“, - დაასკვნა რინკევიჩმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი
1758452538
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას Politico ციტირებს.ფონ დერ ლაიენი, რომელიც გასულ წელს ხელახლა აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად, ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.ამ ზაფხულს გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო თავისი ვადის ამოწურვამდე - 2029 წელს - დატოვოს, რათა გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.კერძოდ, გამოცემა Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი განიხილავს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატად წარდგენას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.„კომისიის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების სრულად ერთგული ვარ და არ შემიძლია სხვა თანამდებობების დაკავება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.გერმანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თანამდებობას მეორე ვადით იკავებს. ის პირველად პარლამენტმა 2017 წლის თებერვალში აირჩია, ხოლო მეორე ვადით - 2022 წლის თებერვალში. გერმანიის პრეზიდენტის უფლებამოსილებები წარმომადგენლობითი და სიმბოლურია: ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, ელჩებს უფლებამოსილებას ანიჭებს და აქვს შეწყალების უფლებამოსილება.

••• იტვირთება