მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვების ინფიცირება არ უნდა დავუშვათ“ - ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო გერმანიაში რეგულაციების კვლავ გამკაცრებას ითხოვენ

გერმანელი იმუნოლოგი, პროფესორი კრისტიან დროსტენი Pia.ge
1630649115
COVID-19

გერმანიაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალია. გერმანელი პროფესორი, ცნობილი იმუნოლოგი კრისტიან დროსტენი, რომელიც 2003 წლიდან SARS ვირუსებზე მუშაობს და ქვეყანაში კოვიდპანდემიას ფაქტობრივად მართავს, სექტემბრიდან გერმანიაში რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს და ვაქცინაციის დაბალ ტემპს „დიდ პრობლემას“ უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას tagesspiegel.de ავრცელებს.

კრისტიან დროსტენი გერმანიაში ვაქცინაციის პროცესს აკრიტიკებს და იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე გერმანიაში რეგულაციები შემოდგომიდან კვლავ გამკაცრდება:

„ჩვენ არ უნდა შევხვდეთ შემოდგომას ვაქცინაციის ამგვარი კვოტით. ეს აბსოლუტურად არასაკმარისია. შესაბამისად, კვლავ საჭიროა რეგულაციების გამკაცრება, რადგან ვიცით, რომ შემოდგომით ინფექციის შემთხვევები იმატებს“, - აღნიშნა იმუნოლოგმა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ბოლო ინფორმაციის თანახმად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში გერმანიაში, ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60,9%.

ინგლისის გამოცდილებიდან გამომდინარე დროსტენი ამბობს, რომ გერმანიაში ვაქცინაციის ტემპი სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. ინგლისში ვაქვინაცია გერმანიასთან შედარებით 5-10%-ით მაღალია, ეს დამოკიდებულია ასაკობრივ ჯგუფებზე.

„გერმანიაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები „სწორი“ იყო, მაგრამ ახლა უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში არ არის იგივე ეპიდსიტუაცია, რაც ინგლისშია. ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია ვიმუშაოთ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაზე“, - აცხადებს იმუნოლოგი.

დროსტენი „სერიოზულ პრობლემას“ უწოდებს იმ ადამიანების გადაწყვეტილებას, ვინც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. ყველა ის ზომები, რომლებიც მიღებული იყო პანდემიის შესაჩერებლად, არასაკმარისი აღმოჩნდა. იმუნოლოგის თქმით, ტესტირება მხოლოდ მეორეხარისხოვანი ინსტრუმენტია.

„რა თქმა უნდა, საუკეთესო პასუხი იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ეს არის ვაქცინაცია. სხვაგვარად პანდემიას ვერ დავამარცხებთ“, - ამბობს კრისტიან დროსტენი.

ახლა ქვეყანაში, ზაფხულთან შედარებით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ იმუნოლოგი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა, თუმცა, ღიად ტოვებს პასუხს კითხვაზე, უნდა შეეხოთ თუ არა შეზღუდვები სრულად ვაქცინირებულებს.

„ბავშვების ინფიცირება არ უნდა დავუშვათ. სკოლებში აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება. ბავშვები დიდი ხნით არ უნდა დავაშოროთ საკლასო ოთახებს. 12 წლამდე ბავშვებისთვის იმუნოლოგი რეგულარული ტესტირების რეკომენდაციას იძლევა. სასწავლო პროცესის კლასებში განახლებასთან დაკავშირებით დროსტენი ამბობს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს კომპრომისული ხაზების გამოყენება. ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით თითქმის დასრულებული მესამე ფაზა ყველა ბავშვისთვის იმედის მომცემი იქნება. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც გვექნება ვაქცინები, რომლებიც წლის დასაწყისში უკვე დამტკიცდება“, - ამბობს დროსტენი.

ანალოგიური განცხადება გააკეთა გერმანული საერთაშორისო დისციპლინის ასოციაციის ინტენსიური და გადაუდებელი თერაპიის გენერალურმა მდივანმა ფლორიან ჰოფმანმა:

„ჩვენ საფუძვლიანად ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლიდან ვაქცინები იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ახალშობილებისთვისაც კი“, - აღნიშნა პედიატრმა.

მისი ვარაუდით, წლის ბოლოს 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება. წინასწარი ვარაუდით, ეს ასაკობრივი ჯგუფი ვაქცინის მცირე დოზას მიიღებს.