მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხი მითიური მიზეზებით ყოყმანობს აცრაზე, დაჩიპვიდან დაწყებული, უნაყოფობით დასრულებული“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1630937920
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ PIA.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ვირუსის შემდგომი ტალღა თავიდან ავიცილოთ, ვაქცინაციის პროცესი ინტენსიური უნდა გახდეს.

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ თეორიულად „შეიძლება“ აცრილმა გაავრცელოს ინფექცია, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „შეიძლება“. სინამდვილეში საქართველოს შემთხვევაში 11-ჯერ უფრო ნაკლებად ავრცელებენ, სხვა ქვეყნების რეალობაში კი 5-ჯერ უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ მინიმუმ 2/3-ით ნაკლები შანსი აქვს აცრილს სხვადასხვა ვაქცინების მიხედვით, რომ დაინფიცირდეს. ამ შემთხვევაში უფრო ხანმოკლე დროით არის ვირუსის რეპლიკაცია, ანუ ვირუსის გამრავლება და აცრილის ორგანიზმში ვირუსი უფრო ნაკლები რაოდენობით არის.

შესაბამისად, გადადების ალბათობა გაცილებით ნაკლებია, თუ არ მოხვდა სხეულის ისეთ ნაწილში, როდესაც პაციენტს აქვს დასუსტებული იმუნიტეტი. ასე, რომ აცრა გვიცავს არა მხოლოდ სიკვდილისაგან, ჰოსპიტალიზაციისა და რეანიმაციისაგან, არამედ ასევე ინფიცირებისაგან და იმისაგან, რომ ჩვენ ინფექცია სხვას არ გადავდოთ.

საზოგადოების თითოეულ ნაწილს ყველას თავის ენაზე სჭირდება ახსნა, მოქალაქეს - მოქალაქის ენაზე, სპეციალისტებს - სპეციალისტების ტერმინოლოგიით და ა.შ. ასე რომ მხოლოდ მედია და მასმედია არ არის საკმარისი, უნდა იყოს საზოგადოებასთან ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია, მათ შორის პირისპირ შეხვედრებიც, მუდმივი ახსნა-განმარტება, ეს არის უმნიშვნელოვანესი გინდაც დისტანციურ და გინდაც ცოცხალ რეჟიმში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გზავნილს, ვინ მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტული საზოგადოების სეგმენტებს.

„ზოგს ნდობა აქვს მთავრობის, ზოგს სამედიცინო საზოგადოების, ზოგს ოპოზიციის, ანუ ყველა წყაროდან ყველა მხრიდან უნდა მიდიოდეს თანწყობილი ინფორმაცია ერთიანი გზავნილებით, ყველასათვის გასაგებ ენაზე თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ვაქცინაციამ.

ეს არის სტრატეგიული კომუნიკაცია და არა მხოლოდ ბრიფინგის ჩატარება. ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზის კომუნიკაციას და რისკის კომუნიკაციას თავისი წესები აქვს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა.

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ტალღა არ გვქონდეს, სექტემბრის ბოლომდე უნდა აიცრას მილიონ სამასი ათასი ადამიანი სრულად, ორივე დოზით. დღევანდელი ტემპით სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწევთ, ამიტომ აუცილებელია გაიზარდოს ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა.

თუ აზერბაიჯანი ახერხებს რომ 80 000 და 100 000 ადამიანი აცრას დღეში, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ იგივე შევძლოთ, როცა ეროვნული გამოწვევის დონეზე გვაქვს საუბარი.

ამის ლოგისტიკურად უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, თუმცა, ამის გარდა არის ხალხის დარწმუნების პრობლემა. იმათი, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს აცრაზე რაღაც მითიური მიზეზების გამო, დაჩიპვიდან დაწყებული, უნაყოფობით და ამგვარი დეზინფორმაციებით დამთავრებული.

ამგვარი ტყუილების მსხვერპლია საზოგადოების ნაწილი, რაღაც პრიმიტიულ შიშებზე არის საუბარი, რაც საფუძველს მოკლებულია. თუ ადამიანთან საკმარისად არის ახსნილი და განმარტებული ვაქცინაციის შესახებ შესაძლებელია, რომ ის დაარწმუნო.

საუბარი არ მაქვს იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებზე, რომლებსაც ფინანსური ინტერესი აქვთ და ფულს შოულობენ ამაზე, რომ ანტივაქსერული მოძრაობის მოწოდება გაავრცელონ. ადამიანებს ფულს უხდიან დაწყებული მჩხიბავების ე.წ. ჰომეოპათიური წამლებიდან. სინამდვილეში არაფერს გვაძლევს ექიმბაშობის დონეზე დასმული დასკვნა, რომ მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესი დაგიცავს კორონავირუსისაგან. ეს აბსოლუტური მანიპულაციაა ადამიანების და პროდუქტების შესაღების მცდელობაა, რომ იმუნიტეტს გაგიძლიერებს რაღაც მითიური პრეპარატი, რომელსაც კონკრეტული ეფექტი არ გააჩნია.

კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს აცრები. ამ ბოლო დროს მოიმატა, ახლა ვხედავთ მეტ აქტიურობას აცრების კუთხით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ხალხთან საუბარი. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდი აკეთებს ამას და დაჰყავს სპეციალისტები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, ამცრელ ბრიგადებთან ერთად დადიან და ასეთი შეხვედრის შემდეგ ბევრი ადამიანი ადგილზევე იცრება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“ - აკაკი ზოიძე

📣ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით

📣„კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“- ენტონი ფაუჩი