მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი და სტრესი ორსულებში - რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ?

კორონავირუსი და ორსულები
1587121896
COVID-19

მსოფლიო 4 თვეზე მეტია, კორონავირუსს ებრძვის. ორსულებში კორონავირუსის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით დამაიმედებელია - მომავალი დედები განსაკუთრებით მგრნობიარენი არ არიან ახალი კორონავირუსის მიმართ, თუმცა სხვა საკითხია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

Pia.ge დაუკავშირდა ფსიქოლოგ ინგლა ბლესსის, იმის გასარკვევად, როგორ უნდა დაძლიოს ორსულმა სტრესი, რომელსაც ეპიდემიური სიტუაცია ქმნის.

თუმცა, ვიდრე ფსიქოლოგის რჩევებს მოვისმენდით, ჯერ გავარკვიეთ, მაინც რისი ეშინიათ ორსულებს:

22 წლის ქეთი ჩაუჩიძე პირველ შვილს ელოდება, როგორც ქეთი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მართალია, რთულ პერიოდს დაემთხვა მისი ფეხმიძიმობა, მაგრამ ცდილობს, ამაზე ნაკლებად იფიქროს.

"ამ საკითხსაც ვცდილობ რთულად არ შევხედო, მაგრამ ჩემ გარშემო უფროსი თაობის დამოკიდებულება უფრო მაწუხებს. ერთადერთი მაშინ ვარ დაძაბული, როცა კლინიკაში ვიზიტი მიწევს. იქ დახურულ სივრცეში ბევრ ხალხთან მაქვს შეხება და ამიტომაც ცოტა დისკომფორტი მექმნება. ვიცი, რომ ორსულები რისკჯგუფს არ წარმოადგენენ და თავს ამითაც ვიმშვიდებ. ასევე, ზედმიწევნით ვიცავ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“.

ირინა ტოტოშვილი 2 თვეში მესამე შვილის დედა გახდება, ახლა ორსულობის ისე ეშინია როგორც არასდროს:

"ბევრ ინფორმაციას ვკითხულობ, ვისმენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ზოგჯერ ვფიქრობ, არ წავიკითხავ-თქო, მაგრამ სოციალურ ქსელში, კორონას გარდა, სხვა თემა არ არსებობს. 3 თვეა, რაც თვითიზოლაციაში ვარ. მაქსიმუმ, 10 წუთით გავიდე გარეთ, ისიც იმიტომ, მზეს დავინახო. ჩემ ირგვლივ მყოფებს, ყველას ვთხოვ, რომ დარჩნენ სახლში. უკვე მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მაშინებს“.

ფსიქოლოგი ინგა ბლესი Pia.ge-სთან აღნიშნავს, კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესი და მისი მართვა ყველა ფეხმძიმე ქალში ინდივიდუალურია.

"მოგეხსენებათ, ორსული ქალის ჰორმონალური ფონი ძალზე განსხვავდება არაორსულის ჰორმონალური ფონისაგან. შესაბამისად, ფსიქიკური მდგომარეობაც სრულიად სხვა აქვს ორსულს. თქვენ იცით, რომ სწორად ჰორმონები მართავს ადამიანის ფსიქიკას. ორსულ ქალს ისედაც ახასიათებს გარკვეული შფოთვები ბავშვის ჯანმრთელობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით, პანდემიის სიტუაცია კი რეალური დამატებითი საშიშროებაა, რაც თავისთავად ზრდის სტრესულ ზემოქმედებას ორსულის ნერვულ სისტემაზე.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულებში კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესი:

ერთი მხრივ, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და მისთვის დამახასიათებელ სტრესზე რეაგირების ალგორითმზე - ზოგი ზედმეტის ჭამას იწყებს და ამით ცდილობს სტრესთან გამკლავებას, ზოგი - ძილით, ზოგი კი სკანდალებს უწყობს ოჯახის წევრებს... ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი სტატისტიკური მონაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მათი გაანალიზების შედეგად გარკვეული ლოგიკური დასკვნები დავდოთ. ეს პანდემიის შემდგომ პერიოდებში გაკეთდება,“ - ამბობს ფსიქოლოგი ინგა ბლესი.

ფსიქოლოგი pia.ge-ს მკითხველ ორსულებს ურჩევს, რა გააკეთონ კონკრეტულად, რათა სტრესს გადაურჩეს ან მარტივად შეძლოს გადატანა:

1. დაიცავით ჯანდაცვის მიერ გაჟღერებული ყველა ინსტრუქცია, როგორც ორსულობასთან, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით;

2. რაც შეიძლება ნაკლებად უყურეთ საინფორმაციო გამოშვებებს და ზოგადად მაქსიმალურად შეზღუდეთ ნეგატიური ინფორმაციის მიღება

3. აკონტროლეთ და არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ საკუთარ უარყოფით აზრებს, როდესაც კი ასეთი გაჩნდება თავში, გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე;

4. უყურეთ კომედიებს და სხვადასხვა, თქვენთვის საინტერესო შემეცნებით გადაცემას ხელოვნებაზე, დიზაინზე, მოდაზე, ბუნებაზე;

5. მოახდინე ყურადღების კონცენტრირება სასიამოვნო მომენტებზე, იქნება ეს საყვარელ ადამიანთან ჩახუტება, ხალისიანი მუსიკის მოსმენა, გემრიელი კერძის მომზადება-მირთმევა, თუ სხვა რამ.

ცნობისათვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 2 ორსულს დაუდასტურდა და ორივე ორსული კორონავირუსგან გამოჯანმრთელდა.