მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მაჭავარიანი საქართველოს მოსახლეობას: 40 წუთი საქართველოს უნდა დავუთმოთ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, როდის გიგრძნიათ საქართველო ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ყოფილა?!

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართა. 

მმართველი გუნდის დეპუტატმა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ამომრჩევლებს „ქართული ოცნებისთვის“ გამოცხადებული ნდობისთვის.

„თქვენ რომ ამდენი ხართ, მაგიტომ ვართ ჩვენ ასეთი ძლიერები. აქ შეკრებილები ხართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანი ხართ პატრიოტები. ჩვენ, შეიძლება, ყველანი განვსხვავდებოდეთ ბევრი ნიშნით, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი რაღაცა - ჩვენთვის და იმ მილიონ ას ოცი ათასი ჩვენი მხარდამჭერისთვის ნომერ პირველ ადგილზე დგას - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და სარწმუნოება.

მეგობრებო! წინა არჩევნებზე სასწაული ერთობა დავანახეთ. ეს ერთობა გამოიწვია იმან, რომ ყველამ გავიაზრეთ, ეს არჩევნები იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები.

თითოეულმა გავიაზრეთ და ყველას გეკითხებით, აქ ვდგავართ პატრიოტები - როდის გიგრძნიათ საქართველო ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ყოფილა?! როდის ყოფილა დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე?! ყველას ვალია, ხმა მივცეთ საქართველოს, „ქართულ ოცნებაზე“ მიცემული ხმა ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, სუვერენიტეტის გამყარებას, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას.

ყველანი უნდა დავირაზმოთ, ყველა უნდა მივიდეთ, 40 წუთი საქართველოს უნდა დავუთმოთ, რომ გაგრძელდეს ეს ჩვენი სუვერენული პოლიტიკა. არავის მივცემთ უფლებას რა შანტაჟიც არ უნდა იყოს, არც ომში არ ჩავერთვებით, ჩვენი საომარი სადაც იყო... 30 საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ, ერის ხასიათს და როლს - ისტორია აყალიბებს. გადახედონ ჩვენ ისტორიას - ვისი მითითება გვჭირდება სადაც საომარია! 

ჩვენი ხასიათი, იდენტობა ჩამოყალიბდა - მამული, ენა სარწმუნოება. ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ მეგობრების რჩევას თუ დარიგებას, მაგრამ მეგობრებო! პირობას გაძლევთ, არასდროს გავითვალისწინებთ ისეთ რჩევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

დღეს გადარჩენა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ნომერ პირველი პრიორიტეტია - კიდევ უფრო დამოუკიდებლები ვიყოთ, პატრიოტები ვდგავართ, ვიცი, როგორი მნიშვნელოვანი არიის იმის შეგრძნება, რომ დავალებას არავისგან ვიღებთ, ვიღებთ ქართველი ხალხისგან და ვატარებთ ქართველი ხალხის შესაბამის ინტერესებს, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და პირობას გაძლევთ, თქვენ თუ ასე გვერდში გვედგებით, ერთ ნაბიჯს უკან არ დავიხევ, არც ერთი ნაბიჯი მარცხნივ, არცერთი ნაბიჯი მარჯვნივ - მარტო წინ! უფრო დამოუკიდებლები, უფრო სუვერენულები და წარმატებულები, გაუმარჯოს თბილისს, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.