მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს“ - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1634314239
COVID-19

„ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ 4000 კაცი აიცრას მხოლოდ“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდვაქცინაციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში მოქალაქეებს ყველანაირი კომფორტი აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ აიცრან. ცერცვაძე აცხადებს, რომ ყოველდღიურად 40 ათასიდან 50 ათასამდე მოქალაქის აცრის შესაძლებლობაა.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად არცერთი კოვიდპაციენტი არ რჩება ყურადღების გარეშე.

„ბოლო დროს მუდამ ვაქცინაციაზე მიწევს საუბარი და ვცდილობ, არ ვიყო ემოციური, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ, ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა. ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში.

კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევით ვახერხებთ იმას, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული და არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. სიკვდილიანობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე, სადღაც 20-სა და 30-ს შორის.

ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა, 500-ზე მეტი პუნქტი, მოძრავი ავტობუსები, სადაც ცრიან, კარდაკარ ჩამოვლითი ბრიგადები, მობილური ბრიგადები რეგიონებში, ბრიგადები დიდ სოფლებში და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4000-დან 6000-მდე.

ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამ საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი, ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ 4000 კაცი აიცრას მხოლოდ, როდესაც დღეში გვაქვს 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება, თან მაქსიმალური კომფორტით ბინებში გაკითხავენ.

იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოსახლეობის ორჯერ აცრა მოახერხა, იქ საგრძნობლად შემცირდა ინფიცირება და განსაკუთრებით გარდაცვლილთა რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე