მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტვინდემია: მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ

ტვინდემია
1633423384
COVID-19

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად მეცნიერები ახალ საფრთხეზე - ტვინდემიაზე საუბრობენ, როდესაც კორონავირუსის მორიგი ტალღა შეიძლება სეზონურ დაავადებებს დაემთხვეს. რა არის ტვინდემია? ამის შესახებ პუბლიკაციას BBC ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს სეზონური გრიპით თითქმის არავინ იყო დაავადებული, მაგრამ წელს მან, შესაძლოა, რევანში აიღოს. ამან შეიძლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს, რასაც ათობით და ასობით ათასი გარდაცვალება შეიძლება მოჰყვეს. ამ მოვლენას ეპიდემიოლოგებმა უკვე უწოდეს „ტვინდემია (twins - ტყუპები).

სიმშვიდე გრიგალის წინ

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სეზონური გრიპის პერიოდი პირველი სიცივის დადგომის პარალელურად იწყება და თითქმის ნახევარ წელს - მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

2020 წელი ამ წესიდან გამონაკლისი იყო. სკოლების უმეტესობა დახურული იყო, უფროსებიც, ძირითადად, სახლებში ისხდნენ, ასე რომ გრიპის გავრცელება შეუძლებელი იყო.

ასე, მაგალითად, აშშ-ში, სადაც ყოველწლიურად სეზონურ გრიპს 20-60 ათასი ადამიანი ეწირებოდა, მათ შორის 200 ბავშვი, წინა სეზონზე მხოლოდ ერთი ბავშვი შეეწირა. საერთო ჯამში კი სექტემბრიდან მარტამდე 330-მილიონიან ქვეყანაში 1500-მდე ადამიანი იყო ინფიცირებული სეზონური გრიპით.

ამ შემოდგომაზე სიტუაცია განსხვავებულია. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხელისუფლება შეზღუდვებს ნელ-ნელა აუქმებს. ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან, უფროსები კი ოფისებში და რესტორნებში. ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ სეზონური დაავადებების სტატისტიკა გაიზარდა.

პარალელურად კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღაც იწყება. ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება ცნობილი ინფექციების დაბრუნებასაც ნიშნავს.

ჩვენ ერთდროულად ორი რესპირატორული ვირუსის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა შეიძლება გადაიტვირთოს და ინფიცირებულთა ნაკადს ვერ გაუძლოს,“ - განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა დანიელ სოლომონმა. ამ მოსაზრებას სხვა ექსპერტებიც ეთანხმებიან.

უბედურება მარტო არ მოდის

„რა თქმა უნდა, წინასწარ შეუძლებელია იმაში ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ზამთარში გრიპის შემთხვევების მატება გველოდება, მაგრამ ეს სავსებით რეალურია. ასევე HRSV-ის ვირუსის შემთხვევების მატებაც, რომელიც ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებს. ანუ ჩვენ შეიძლება ორი ვირუსი დაგვიბრუნდეს, რომლებიც შარშან განადგურებული იყო“, - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის პროფესორი დევიდ მეთიუსი.

მას, ვისაც ამ „უწყინარი“ სეზონური გრიპის არ ეშინია, პროფესორი მეთიუსი სტატისტიკას ახსენებს: ყოველწლიურად მსოფლიოში მისგან 650 000 ადამიანი იღუპება. რისკის ჯგუფში, პირველ რიგში, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან. ასევე, ბავშვები, რომელთა იმუნიტეტიც ჯერჯერობით ძლიერი არ არის. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც ბავშვებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, სეზონური გრიპი ბავშვებისთვის საკმაოდ საშიშია.

„რეანიმაციაში გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის მოხვედრა - ჩვეულებრივი ამბავია. ახალგაზრდებისა და ჯანმრთელებისთვის ეს უფრო გაუგებრობას წარმოადგენს - ვინ არ ყოფილა გრიპით დაავადებული?! მაგრამ სწორედ ეს გრიპი ყოველწლიურად კლავს ათობით და ასობით ათას ადამიანს. ის კლავს მოხუცებს, კლავს ჩვილებს. ასე რომ ჩვენ გაგვიმართლა, რომ გრიპისგან აცრის გაკეთებაა შესაძლებელი“, - აცხადებს დევიდ მეთიუსი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეპიდემიოლოგიის პროფესორი ენ ჯონსონი კიდევ ერთ პოტენციურ საფრთხეზე საუბრობს: წლიდან წლამდე გრიპის ვირუსი მუტაციას განიცდის. დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ. ამის შედეგად ვირუსის ახალი, უფრო საშიში შტამი იქმნება. ასე, მაგალითად, 2009 წელს მექსიკაში დაწყებული ღორის გრიპის დაავადება შემდეგ გლობალურ ეპიდემიაში გადაიზარდა.

მისივე თქმით, კარგი ამბავი ისაა, რომ ლოკდაუნის გამოცხადება საჭირო აღარ იქნება - საკმარისია უკვე ნაცნობი ღონისძიებების გატარება - პირბადის ტარება, ინდივიდუალური ჰიგიენა, სოციალური დისტანციის დაცვა და, რაც მთავარია, ვაქცინაცია.

პროფესორი მეთიუსი დარწმუნებულია, რომ წელს გრიპის ვაქცინა იმანაც უნდა გაიკეთოს, ვინც ადრე აცრილი არ ყოფილა. ის როგორც საკუთარ თავს, ასევე, გარშემო მყოფ ადამიანებსაც დაიცავს.

ვაქცინაცია

მეცნიერები ამბობენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსის ვაქცინაციასთან თუნდაც ერთ დღეს შეიძლება. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგად დადგინდა, რომ აცრებს შორის პაუზის გაკეთება საჭირო არ არის.

ბუნებრივია, არცერთი აცრა დაავადებისგან 100%-იან დაცვას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრისგან გვიცავს გარანტირებულად. ასე რომ დაცვის ამ ყველაზე ეფექტიანი საშუალების უგულებელყოფა არ შეიძლება.

პროფესორი მეთიუსი ვაქცინაციას ავტომობილში უსაფრთხოების ღვედებს ადარებს.

„როდესაც მანქანაში სხდებით, თქვენ უსაფრთხოების ღვედს იკრავთ. მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ავარიაში მოხვედრას გეგმავთ. არამედ იმიტომ რომ ავარიის შემთხვევაში გადარჩებით და სერიოზულ ტრავმას არ მიიღებთ. ავარიის შემთხვევაში ღვედი თქვენი გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის“, - განმარტავს პროფესორი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებს ხანგრძლივი კოვიდი - კვლევა

📣კვლევა: დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

📣 ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? - DW-ს კვლევა

📣ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით

📣„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი