მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც არ აიცრება, ამით უარს ამბობს საზოგადოების წინაშე თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაზე“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1616862657
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მესამე ტალღის თავიდან ასარიდებლად, უარი უნდა ვთქვათ ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმზე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და გამოვიყენოთ პირბადე.

„ევროპის ქვეყნებში უკვე დაიწყო ან ახლოს არიან მესამე ტალღასთან, საქართველოში ჯერ ვერ ვიტყვით.

მოლოდინი არის, მაგრამ ჯერ მხოლოდ მცირე ტენდენციაა მატების. ამის გამო, ჯანდაცვის სისტემის მესვეურები გამოთქვამენ გარკვეულ სიფრთხილეს, რომ თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ მივიღებთ საჭირო ზომებს, შესაძლოა, საქართველო დადგეს მესამე ტალღის წინაშე.

რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ, პირველი – უარი უნდა ვთქვათ ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმზე, ჩავერთოთ ვაქცინაციის ფართომასშტაბიან კამპანიაში, რათა მასობრივად ხდებოდეს მოსახლეობის აცრა; მეორე – პირბადის ხმარება და სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით 100 ცნობადი სახის აცრას, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ცნობადი პირების მაგალითი ყველგან მუშაობს, ყველაფერში მუშაობს, მაშასადამე ამ კამპანიას მიესალმება.

„მივესალმები ამ კამპანიას. ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს საქართველოში, სადაც ვაქცინაციის მიმართ უპრეცედენტო სკეპტიციზმი და ძალიან დაბალი აქტივობაა, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ. ეს რაღაც უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს საზოგადოების დარწმუნება.

საზოგადოებრივი აზრი ცალსახად უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა აიცრას, ხოლო ის, ვინც არ აიცრება, ამით უარს ამბობს საზოგადოების წინაშე თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაზე.

რაც შეეხება 100 ცნობადი სახის აცრას, საერთოდ, ცნობადი პირების მაგალითი ყველგან მუშაობს, ყველაფერში მუშაობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე დაინტერესდებით:

◻️ „გამოჩენილი ადამიანების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვაქცინის პოპულარიზაციას“ - ჯანდაცვის მინისტრი

◻️ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 179 ადამიანი აიცრა