„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მელიას საპატიმროდან გამოშვების შესახებ პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება.
„პროცედურა არის ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და უნდა მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა. ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ეს არის პროცედურა, თუმცა როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.
პროცესი უნდა ჩაინიშნოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ეს არის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შეცვლასთან დაკავშირებით, შესაბამისად ნიკა მელია ამ პროცესს ვერ დაესწრება, თუმცა გათავისუფლდება უკანონო, პოლიტიკური პატიმრობიდან“, - აცხადებს კონდახიშვილი.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.
ამავე თემაზე:
🔴 „მშობელი ვარ და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი თავაწეული გამოსულიყო“ - ანზორ მელია
🔴 „ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება, ნიკა მელია წელგამართულია“ - გია ხუხაშვილი