მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ სხვა ქვეყნებს Pfizer-ის ვაქცინის 500 მლნ დოზას გადასცემს - Reuters

აშშ 500 მლნ ვაქცინას მიაწვდის

ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნებს კომპანია Pfizer/BioNTech ვაქცინის 500 მლნ დოზას გადასცემს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ვაქცინის გაგზავნა 100-ზე მეტ ქვეყანაში იგეგმება. წელს საუბარია 200 მლნ დოზის მიწოდებაზე და მომავალი წლის დასაწყისში - 300 მლნ დოზაზე.

ვაქცინის განაწილება COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით მოხდება, რომელიც პრეპარატებს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ანაწილებს. ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით ხორციელდება.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ბაიდენმა ეს განცხადება „დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე უნდა გააკეთოს, რომელიც დიდ ბრიტანეთში 10 ივნისს იმართება.

CNBC-ის ინფორმაციით, აშშ ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას კომპანია Moderna Inc-თან, რათა მისი ვაქცინაც სხვა ქვეყნებს მიაწოდოს.

როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვაქცინაციის გლობალური სტრატეგიის შესახებ განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

ცნობისთვის, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 64%-ს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაუკეთდა. შეერთებულ შტატებში მოზარდების ვაქცინაციაც დაიწყო.