მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი ბელარუსს საჰაერო მეკობრეობაში ადანაშაულებს

ევროკავშირის განცხადება ბელარუსზე

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას საჰაერო მეკობრეობაში ადანაშაულებს, რა დროსაც მათ სამხედრო ძალის გამოყენებით სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცეს და ის მინსკის აეროპორტში დასვეს. ამის შესახებ politico.eu იუწყება.

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ Ryanair-ის რეისი ამ ორგანიზაციის წევრი ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის ხორციელდებოდა და ათენი - ვილნიუსის თვითმფრინავი გატაცებული იყო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერში დაწერა, რომ „ბელარუსის რეჟიმის ამ უკანონო ქმედებებს შედეგი მოჰყვება“. ფონ დერ ლაიენმა დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის სასწრაფო გათავისუფლება მოითხოვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ამ ინციდენტს „სახელმწიფო ტერორიზმის უპრეცედენტო აქტი“ უწოდა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ის, რომ მომხდარს შედეგები და სანქციები მოჰყვება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც განაცხადა.

ევროკავშირისა მაღალჩინოსნები საუბრობენ, რომ სანქციები, შესაძლოა, ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირში ფრენის აკრძალვა, ასევე ევროკავშირის ავიაკომპანიების ფრენების შეჩერება ბელარუსის საჰაერო სივრცეში და ბელარუსის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის, მათ შორის სახმელეთო ტრანზიტის შეჩერება იყოს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრძანება მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის დასმის და რომან პროტასევიჩის დაკავების შესახებ პირადად ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა.

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიტვაში მიფრინავდა, 12 მაისს მოულოდნელად მინსკში დაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიალაინერს მინსკის აეროპორტში დასმა აიძულა.

ბელარუსის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. ბომბი იქ ვერ აღმოაჩინეს, პროტასევეიჩი კი დააკავეს და მას „ხელისუფლების წინააღმდეგ შუღლის გაღვივებაში“ ბრალი წარუდგინეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რომან პროტასევიჩი: მე ბელარუსში სიკვდილით დასჯა მემუქრება