მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო კორონავირუსის წარმომავლობის გამოძიებას განაახლებს

კორონავირუსის წარმომავლობის გამოძიება განახლდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კვლევების მეორე ეტაპს იწყებს, რომლის მიზანი კორონავირუსის ინფექციის წარმომავლობის დადგენაა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ნებისმიერი ახალი პათოგენის წყაროს მოძიება რთული პროცესია, რომელიც მეცნიერებაზე და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული“ - წერია ჯანმოს განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანას, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არ მოხდეს. „ქვეყნებს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ სამუშაოს შედეგებზე და ამისთვის პარტნიორობა არის აუცილებელი“ - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯანმო მოუწოდებს ჩინეთს, რომ მან აზრთა სხვადასხვაობა გვერდზე გადადოს და ერთობლივად იმუშაოს.

დღეს არსებული ვერსიით, SARS-CoV-2-ის ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ ჩინეთის ქალაქი უხანი ითვლება. თუმცა თავად ვირუსის წარმოშობის მიზეზი დღემდე უცნობია. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ვირუსი ლაბორატორიიდან ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მომხდარი ავარიის გამო „გაეპარათ“. ჩინეთის მთავრობა ამას კატეგორიულად უარყოფს.

საერთაშორისო ექსპერტები ჯგუფი უხანში მხოლოდ 2021 წლის იანვარში ჩავიდა. მის მიერ მომზადებული დასკვნა არაერთგვაროვანია. ჯანმოს ექსპერტებმა ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას „ნაკლებად შესაძლებელი" უწოდეს. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კი კომისიის დასკვნა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ჩინეთმა ექსპერტებს ყველა აუცილებელი ინფორმაცია არ მიაწოდა. მოგვიანებით ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ ის ვირუსის წარმოშობის ლაბორატორიულ ჰიპოთეზას „არ გამორიცხავს“.