მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაიზერი და მოდერნა ბუსტერული დოზებით მილიარდობით დოლარის მოგებას მიიღებენ - Reuters

ფაიზერის და მოდერნას შემოსავალი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები მოდერნა და ფაიზერი მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერული ვაქცინის გაკეთებისგან, მილიარდობით დოლარის მოგებას ნახავენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამ დროისთვის ბუსტერული დოზის გაკეთება ისრაელში, ჩილეში და გერმანიაშია გადაწყვეტილი. ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების კომპანიებსაც კი გაუწევენ კონკურენციას, რომელთა შესავალი წელიწადში 8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სააგენტომ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების ბუსტერული დოზის გაკეთების ნებართვა უკვე გასცა. ვაქცინის მესამე დოზა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს გაუკეთდება.

2021–2022 წლებში ფაიზერმა და მოდერნამ ერთობლივად 60 მლრდ დოლარის ღირებულების ვაქცინა გაყიდეს. ეს თანხა კომპანიებმა ორი დოზის მიწოდებით და ზოგიერთი ქვეყნისთვის მესამე ბუსტერული დოზის გაგზავნის შედეგად მიიღეს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ფაიზერის შემოსავალი 6,6 მლრდ დოლარი იქნება, ხოლო მოდერნას მოგება - 7,6 მლრდ დოლარი. მომდევნო წლებში კი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ კომპანიების შემოსავალი საშუალოდ წელიწადში 5 მლრდ დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ბუსტერული დოზების გაკეთება რეგულარულ ხასიათს მიიღებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ბიზნესი გრიპის ვაქცინების ბიზნესს დაემსგავსება, რომელიც წელიწადში 600 მლნ ვაქცინას აწარმოებს.

ბუსტერულ დოზაზე საუბარი დელტა შტამის გავრცელების შემდეგ დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია მიღებული. ვაქცინის ერთი დოზით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 16% არის აცრილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მიმართა ქვეყნებს, რომ ბუსტერული დოზების გამოყენებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე მოსახლეობის უმეტესობა მინიმუმ ერთ დოზას არ მიღებს.

ფაიზერის ერთი დოზის ფასი თავდაპირველად 19,5 დოლარს შეადგენდა აშშ-სთვის და 19,5 ევროს ევროკავშირის ქვეყნებისთვის. მოგვიანებით კომპანიამ ფასი 25%-ით გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინების შეძენას ქვეყნების მთავრობები პრეპარატების მწარმოებლებისგან პირდაპირ გააგრძელებენ, შეიძლება მათი ფასის ზრდა შეჩერდეს. თუკი ვაქცინები კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელში აღმოჩნდა, ეს მათ ფასს გაზრდის.