მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თალიბანმა“ ქაბულზე შეტევა დაიწყო (ვიდეო)

„თალიბანმა“ ქაბულზე შეტევა დაიწყო

დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბულზე შეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში თალიბანის მებრძოლები შევიდნენ.

უცხოური საელჩოების თანამშრომლები ქვეყანას ტოვებენ. მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა შენობა ავტომობილებით დატოვეს, საელჩოს სახურავზე ვერტმფრენები დაეშვნენ.

ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქაბულში, აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების მშვიდობიანად ევაკუაციისთვის ჩავიდნენ, ანონიმურად ადასტურებენ ინფორმაციას.

მედია წერს, რომ საელჩოს სახურავის მიმდებარედ, კვამლი შეინიშნებოდა და სავარაუდოდ, დიპლომატები ანადგურებენ დოკუმენტაციას, რომელიც არ სურთ, „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდეს.

დაჯგუფებამ კვირას, 15 აგვისტოს პროვინცია ნანგაჰარის დედაქალაქი ჯალაბადი უბრძოლველად აიღო.

მედიის ცნობით, რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყნის დედაქალაქის მისადგომებთან მიიტანა იერიშები.

რამდენიმე წუთის წინ თალიბანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რახან ქაბული დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, მისი ბრძოლით აღებას არ აპირებენ, ისინი ქალაქის მშვიდობიანად გადაბარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ, მათ მებრძოლებს კი ნაბრძანები აქვთ, არ შევიდნენ ქალაქში.

შეთანხმება დედაქალაქის უბრძოლველად გადაცემაზე შედგა, სანაცვლოდ თალიბები უსაფრთხოდ წასვლის საშუალებას აძლევენ ყველას (მათ შორის, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს) ვისაც ქაბულის დატოვება სურს. თალიბანის ლიდერებმა მოუწოდეს მათ მებრძოლებს, რომ ქალაქში ძალადობისგან თავი შეიკავონ.

ავღანეთის დედაქალაქი უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებს. გასულ დღეს „თალიბანმა“ მაზარ-ი-შარიფზე და ჯალალაბადზე დაამყარა კონტროლი.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.